30-09-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დემოკრატიის განვითარების კუთხით განათლების როლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და საქართველოში განათლების სისტემის ყველა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
გიორგი ამილახვარი: „მადლობას გიხდით ვიზიტისთვის, რომელიც ახლახან საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან განხორციელდა – ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მადლობა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისთვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ძალიან კარგად თანამშრომლობს საელჩოსთან და ელჩთან. მოხარული ვარ, რომ GRC-ის ხელმძღვანელად აირჩიეთ საქართველო. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.
აქტიურად ვართ ჩართულნი სამოქმედო გეგმის 2024-2027 შემუშავებაში და ვმონაწილეობთ აღნიშნულ პროცესებში. ჩვენთვის, განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს 2024-2030 წლების განათლების სტრატეგიის ძირითადი კომპონენტების ადგილობრივ სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
საქართველო სრულად უჭერს მხარს და ემხრობა რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციას, რომლის თანახმად დემოკრატიისა და საერთო ევროპული ღირებულებების ირგვლივ ქვეყნების გაერთიანებისთვის განათლებაში თანხების ინვესტირების განხორციელება აუცილებელია. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ დეკლარაციაში საქართველოს საკითხი ხაზგასმით იქნა გამოყოფილი, რისთვისაც მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ.
საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე. მისი თქმით, სამინისტრომ განათლების ყველა საფეხურზე უზრუნველყო თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა, შესაბამისად, რაც მანამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საზოგადოების გარკვეული წევრებისთვის, ახლა ქვეყანაში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ყველას აქვს.
თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მისი გუნდის საქმიანობა და განსაკუთრებით გამოყო ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ახლა საქართველოს განათლების სისტემაში ხორციელდება. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა გიორგი ამილახვარს სრული მხარდაჭერა აღუთქვა სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების საქმეში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი.
16-11-2024
16-11-2024