6-10-2023
პრეზიდენტის ნებართვის გარეშე ვიზიტმა რაც მოგვიტანა შედეგად, იყო ის, რომ, ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ, სწორედ ამაშია სხვაობა მთავრობისა და პრეზიდენტის მიდგომას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს შეფასება სთხოვეს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყველა ევროპელი ლიდერისგან მიიღო დასტური, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ასეთი განცხადებები სჭირდება ქვეყანას შეხვედრების შემდეგ.
„მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებისგან, ქვეყნების მეთაურებისგან მიიღო ეს პოზიციები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ამ მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერია წარმოდგენილი. ასე რომ, სწორედ ეს არის, რასაც ვგულისხმობთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში. სწორედ ასეთი განცხადებები გვჭირდება ხოლმე შეხვედრების შემდეგ და არა ისეთი განცხადებები, რომელიც, სამწუხაროდ, გვქონდა, როდესაც პრეზიდენტი ნებართვის, თანხმობის გარეშე იმყოფებოდა ვიზიტში. ერთადერთი შედეგი, რაც მოგვიტანა, იყო ის, რომ ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ. ევროპაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის რუსეთისთვის სანქციების დაწესება დააყენა, როგორც წინაპირობა. სწორედ ამაშია სხვაობა მთავრობისა და პრეზიდენტის მიდგომას შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024