6-09-2018
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი nsp.ge უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ გ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2,8061 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 4 სექტემბერს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 6 წონაკად დაფასოებული აღნიშნული ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.
საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა გ.ს.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარუდგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. გ.ს.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” - ნათქვამია განცხადებაში.