26-10-2023
გუშინ ევროკავშირის ელჩმაც აღნიშნა, თუ რამდენად ინტენსიური იყო ჩვენი მუშაობა, მათ შორის, ევროკომისიასთან კომუნიკაციით, მსჯელობა იყო მედიასთან დაკავშირებით ცვლილებებზე. მოხარული ვარ, რომ შევძელით და გვაქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ჩვენსა და სამოქალაქო პლატფორმას შორის გაფორმდა, სადაც 200-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია არის გაწევრიანებული და ამ პლატფორმით მთლიანად სამოქალაქო სექტორი არის დაფარული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პარლამენტს ამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით აქვს თანამშრომლობა მთლიანად სამოქალაქო სექტორთან.
„ეს და სხვა შედეგები, რაც ბოლო პერიოდში ვაჩვენეთ, იმის ოპტიმიზმს მაძლევს, რომ ეს სათანადოდ იქნება დანახული და შეფასებული. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. მინდა, ევროკომისიას მადლობა გადავუხადო, რადგან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა. ამავე ნაყოფიერი მუშაობის შედეგად მოკლე დროში დიდი პროგრესის მიღწევა შევძელით. რაც შეეხება ოპოზიციას, ერთმანეთისთვის იმის გადაბრალება, ვინ ეწინააღმდეგება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, იმას აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ ოპოზიციის შიგნით. ახლა ცდილობენ, რომ თავს უშველონ და ის, ვინც წურბელასავით მიკრული იყო სხვა ორგანიზაციებს, ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული ხალხი ახალ სხეულს ეძებს, ვისაც წურბელასავით მიეკრობა რაღაც პოლიტიკური მოგების მისაღებად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ოპოზიციაში ყველა უკლებლივ სტატუსის წინააღმდეგ მუშაობდა“.
„ამას დიდი კონსპირაციები და დახურული შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გამოტანა არ სჭირდება. იმდენი გამბედაობაც კი არ აქვთ, რომ სახელები დაასახელონ. ერთმანეთის მიმართ თითს იშვერენ, მაგრამ იმდენი გამბედაობა არ აქვთ, რომ ის ადამიანები დაასახელონ, ვინც მართლაც ამ ქვეყნის ღალატში იყვნენ ჩართულნი. ერიდებათ, რომ მოღალატეები დაასახელონ, რაც მათ ღირებულებებზე მეტყველებს. ამ პროცესში ყველა ჩართული იყო და ამას ჩვენი თვალით ვხედავდით. ჩემს შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ხოლმე და ამ ყველაფერს პირდაპირ ვხედავდით. როცა თავად ოპოზიციას ამხელენ, მაგალითად, ქალბატონი სამნიძე იმავე აბზაცში ამბობს, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, როგორი ცუდი ქვეყანა ვართ. ამ ყველაფერს ამბობს და რატომღაც ჰგონია, რომ კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლაა, როცა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მიდიხარ და ეუბნები – რამდენად ცუდი ქვეყანა გვაქვს, რამდენად მაჩანჩალა ქვეყანა ვართ. ამას ამბობენ უკრაინის, მოლდოვის, ბოსნია-ჰერცეგოვინის და სხვა კანდიდატების ფონზე, რომელთაც ყველანაირი მონაცემებით ვუსწრებთ. გუშინ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოქვეყნდა, რომლითაც ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ. ჩვენ ასეთი ქვეყანა გვაქვს და არა მხოლოდ ლამაზი მინდორ-ველით, როგორც ქალბატონ სამნიძეს ჰგონია, რომ სტატუსი ამის გამო უნდა მოგვცენ, არამედ გვაქვს დემოკრატიული ინსტიტუტები და გვყავს საჯარო მოხელეები, რომლებიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ. ასევე, სამართლებრივი სისტემა გვაქვს, რომელიც არის თანამედროვე და დიდწილად ჰარმონიზებული ვართ ევროკავშირის სამართალთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ცდილობს, უცხოელ პარტნიორებთან თავიანთ კომუნიკაციაში ყველანაირად დააკნინონ, დაამცირონ და ძირი გამოუთხარონ იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას აქვს.
„ჩვენ ასეთი სახელმწიფო ვართ და ოპოზიცია ცდილობს, უცხოელ პარტნიორებთან თავიანთ კომუნიკაციაში ყველანაირად დააკნინონ, დაამცირონ და ძირი გამოუთხარონ იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. იმისათვის, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე მთლად უნამუსოდ არ იყვნენ, ამ ყველაფერს ბოლო წინადადებად აყოლებენ – იქნებ მაინც მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს წელიწადნახევრიანი მონაკვეთი ჩაიწერება საქართველოს ისტორიაშიც, რომელიც ოპოზიციის რეალური სახეა. ამ რეალურ სახეს ქართველი ამომრჩეველი 2024 წლის არჩევნებში პასუხს გასცემს. ქართველი ხალხი ღალატს არავის არასოდეს არ პატიობს და როცა ზურგში დანის ჩარტყმა ხდება ქვეყნის მიმართ, ამას ქართველი ამომრჩეველი შესაბამისად შეაფასებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024