30-10-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაპონიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ თსუ-ში ისწავლება პროგრამა შორეული აღმოსავლეთი-იაპონისტიკა, რომლის ფარგლებშიც ისწავლება იაპონური ენა, იაპონიის ისტორია და კულტურა. მისი თქმით ამ მიმართულებით საელჩოსთან თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა.
რექტორმა ისაუბრა თანამშრომლობის იმ ფორმატზე, რომელიც თსუ-სა და იაპონიის უნივერსიტეტებს შორის არსებობს. ასევე, ხაზი გაუსვა ქართველოლოგიური ცენტრის მნიშვნელობას იაპონიაში და ერთობლივი არქეოლოგიური პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაპონელი მეცნიერების თანამშრომლობას.
„ვიმედოვნებ ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდება და გაიზრდება თანამშრომლობის სფეროები, რომელიც შეიძლება არსებობდეს საელჩოსა და უნივერსიტეტს შორის. ჩვენი მიზანია, რომ საელჩოს დახმარებით, იაპონიის საუნივერსიტეტო სივრცესთან გავაძლიეროთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იაპონურ უნივერსიტეტებთან კოლაბორაციას“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
იაპონიის ელჩმაიშიძუკა ჰიდეკიმ გამოთქვა მზადყოფნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაეხმაროს იაპონურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის განვითარებაში, ასევე, იაპონისტიკის მიმართულების სტუდენტების სტიპენდიებით მხარდაჭერასა და თსუ-ის თანამედროვე ტექნიკით დახმარებაში. შეხვედრაზე დაიგეგმა ერთ-ერთ იაპონურ უნივერსიტეტთან - ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობა და მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.