30-10-2023
„ძალები, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგზე სიტუაციას მართავენ, საკმაოდ მძლავრები არიან. მათ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით აქვთ გეგმა, რომ მისი მეთაურობით ალტერნატიული ძალა შექმნან“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან რადიკალების დაფინანსება ისევ გრძელდება და ისინი ისევ ცდილობენ სიტუაციის არევას, ამიტომ, საქართველოს მოქალაქეები ფხიზლად უნდა იყვნენ.
„სალომე ზურაბიშვილი იმიტომ არის დაპირისპირებული მთავრობასთან, იმიტომ მართავს რადიკალებთან შეხვედრებს, იმიტომ არ ესაუბრება საკუთარ მოსახლეობას, რომ ის დაკვეთას ასრულებს. „ქართულ ოცნებასაც“ სწორედ ამის გამო გაემიჯნა. „ხალხის ძალის“ მიზანი სწორედ ეს იყო - ამ გარე ძალებისა და „გლობალური ომის პარტიის“ მხილება, რომელზეც დასაწყისში ქილიკი მიდიოდა - აბა, ვინ არიან „გლობალურ ომის პარტიაშიო“, შემდეგ კი იგივე ტერმინები სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა გამოიყენეს.
ძალები, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგზე სიტუაციას მართავენ, საკმაოდ მძლავრები არიან. მათ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით აქვთ გეგმა, რომ მისი მეთაურობით ალტერნატიული ძალა შექმნან. რამდენად შესრულდება ეს გეგმა, სალომე ზურაბიშვილის პერსონიდან გამომდინარე, ამას ისინიც აკვირდებიან. სწორედ ამიტომ ხვდება ის, ამ ეტაპზე, ქალ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ამ სიტუაციას აცნობს. მარტის აქციებზე კი გამოჩნდა, არასამთავრობო სექტორი ვისგან იმართებოდა.
ამ ეტაპზე, სალომე ზურაბიშვილი იმიტომ არის გაჩერებული, რომ თავად ვერ წყვეტს ვერაფერს. „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლებს დრო სჭირდებათ, რომ დაინახონ, თუ როგორი გამოხმაურება ექნება სალომე ზურაბიშვილისგან ალტერნატიული ძალის შექმნას საზოგადოებაში. უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ამ ძალებს არ აინტერესებთ ქართული საზოგადოების აზრი და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ სააკაშვილმა თვითონ გადაწყვიტა არაჟნების კონტეინერით შემოსვლა, რადგან ვიცით მისი სიმხდალე. სააკაშვილიც დავალების შემსრულებელი იყო. რატომ უნდა დავივიწყოთ ISFED-ის, ან კელი დეგნანის ქმედება არჩევნების პერიოდში? ან USAID-ისა და „კანვასის“ ბოლო დროინდელი ქმედებები? ეს ხომ ერთი ხაზია? სალომე ზურაბიშვილი თუ საქართველოს პრეზიდენტია, ამ მოვლენებიდან რომელიმეზე რაიმე პროტესტი ჰქონია? არა, რადგან პირდაპირ მიბმულია ამ ძალებთან, რომლებისგანაც ქართული რადიკალური ოპოზიცია იმართება. რადიკალური ოპოზიცია კი, რეალურად, ჯაშუშები და დავალების შემსრულებლები არიან.
გლობალურ მასშტაბში ვხედავთ რა დაძაბულობაა და როგორი მოვლენები მიმდინარეობს, ამ ფონზე კი საქართველოს მთავრობა ახერხებს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ საკმაოდ კარგი პოზიცია დაიკავოს. ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეშვეობით შეხვდნენ ერთმანეთს, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვაგრძელებთ ალტერნატიულ, ჩვენ გზას, რათა სახელმწიფოს უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. ამისთვის კი აუცილებელია, რომ ყოველდღიურად ვამხილოთ „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები თუ მხარდამჭერები, რადგან პროცესი ისევ მიმდინარეობს და ისინი ისევ ცდილობენ სიტუაციის არევას. მაგალითად, ჯაფარიძე-ხოშტარია, ან თუნდაც „ინდიგო“ იმიტომ აკეთებენ იმას, რასაც ვხედავთ, რომ ამისთვის დაფინანსება აქვთ მიღებული. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეები ფხიზლად უნდა ვიყოთ. ახალგაზრდების ნაწილს კი, რომლებიც მოატყუეს, მეტი ინფორმაცია უნდა მივცეთ, თუ ვის ემსახურებიან ეს რადიკალები, ან ის საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ვითომ რუსული კანონის მიმართ აგიტაციაში იყვნენ ჩართულები. სად არიან ეს ადამიანები დღეს? გამოვიდნენ. ნუთუ, ერთმაც ვერ დაინახა მზაკვრული გეგმა საქართველოს წინააღმდეგ, რაშიც ისინი ჩართეს? ერთმაც ვერ გაბედა დღემდე, რომ საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეს და აღიაროს, რომ მზაკვრულ გეგმაში მონაწილეობდა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.