გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი „ერთი გზა, ერთი სარტყელი"-ის ფორუმში მონაწილეობის შესახებ: ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლისა და პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატულება, ფარული შეხვედრა და დიალოგი არავისთან გვქონია

1-11-2023

„ჩინეთში დავესწარით მიღებას, რომელიც გამართა პრეზიდენტმა სი ძინპინმა და იქ მისი მიწვევით ვიმყოფებოდით. ჩვენ ზუსტად ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ. რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობა - დამატებითი შეხვედრები, „კარს მიღმა დიალოგი" და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს, ასეთი ფორმატი არ არსებობს. ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია, მოსახლეობის დაბნევის მორიგი მცდელობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატულება. სხვა შემთხვევაში, ეს იქნებოდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან არასწორი დამოკიდებულება. ეს არ არის კომფორტის ზონა, ეს არის პასუხისმგებლობის ზონა. პასუხისმგებლობის ნაწილია, როდესაც ჩვენ ასეთ ან სხვა ფორუმებში ვიღებდით, ვიღებთ და მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს", - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.


ვიცე-პრემიერმა კომენტარი გააკეთა 2023 წლის 18 ოქტომბერს პეკინში გამართულ „ერთი გზა-ერთი სარტყელის" ფორუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებსა და არასწორ ინტერპრეტაციებზე.


„საქართველო აბრეშუმის გზის „ერთი გზა, ერთი სარტყელი"-ს ინიციატივის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს მისი დაარსების დღიდან. საქართველო რეგულარულად იყო ამ ფორუმის მონაწილე და საქართველოს დელეგაციები ყოველთვის წარმოდგენილი იყო მაღალი თანამდებობის პირების მიერ და ეს არ იყო რაიმე სიურპრიზი", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.


ვიცე-პრემიერის თქმით, ფორუმში საქართველოსთან ერთად ყოველთვის მონაწილეობდნენ მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერი და წარმომადგენელი. წელს ღონისძიებას 150 ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლობა ესწრებოდა, ასევე გაეროს გენერალური მდივანი და ევროკავშირის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები.


ლევან დავითაშვილის შეფასებით, ვიზიტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და ბევრი სპეკულაცია, არასწორი ინტერპრეტაცია იყო, შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. მისი განმარტებით, საქართველო "სარტყელისა და გზის ინიციატივის" მონაწილე ქვეყანაა, ამასთან, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად დაკავშირებადობის და ეკონომიკური საკითხები - აქედან გამომდინარე, ფორუმში წელსაც მიიღო მონაწილეობა საქართველოს დელეგაციამ. კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ეკონომიკისა მინისტრმა ხაზი უნდა გაუსვა - 8 წლის განმავლობაში არ გამართულა საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური მთავრობათშორისი კომისიის სხდომა, ის რვაწლიანი პაუზის შემდეგ წელს ფორუმის პარალელურად გაიმართა.


ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. ფორუმი გაიმართა ზუსტად საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური მთავრობათშორისი კომისიის სხდომის პარალელურად და, რა თქმა უნდა, საქართველოს დელეგაციამ მისი ხელმძღვანელობით ფორუმშიც მიიღო მონაწილეობა. მისი განმარტებით, როდესაც მასპინძელი მხარე გიწვევს, მიღების ღონისძიებაზე დასწრებაც დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილია - მითუმეტეს, რომ საქართველო თავად ამ ფორუმის მონაწილე იყო.


მედიის კითხვაზე, ეს ყველაფერი ხომ არ დააზიანებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, მინისტრი პასუხობს, რომ ასეთი რამ არ მოხდება. - „ინტეგრაციის პროცესს ეს არამც და არამც არ დააზიანებს. ჩვენ ვართ გულწრფელი, ღია ჩვენს სტრატეგიულ, მათ შორის დასავლეთელ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ დამალულად არაფერს ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ღიად და დიალოგის რეჟიმში, გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ზოგადად ჩვენი გადაწყვეტილებები და ვართ კოორდინაციაში მათთან. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის ევროკავშირის ლიდერები ესწრებოდნენ ამ ფორუმს და არამხოლოდ ამ ფორუმს - თქვენ იცით, რომ სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში მათ აქვთ ძალიან ინტენსიური დიალოგი, მათ შორის ჩინეთის ხელისუფლებასთან იგივე G20-ის და სხვა საერთაშორისო ფორმატებში", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


ეკონომიკის მინისტრი ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს მონაწილეობა ყოველ ასეთ ფორმატში ემსახურება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს - რომ საქართველოს ინტერესები უკეთ იყოს წარმოჩენილი და საბოლოოდ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ხალხს. მისი შეფასებით, დანარჩენი ყველაფერი არის სრული სპეკულაცია და ოპოზიციის მიერ სკანდალის შექმნის უსუსური მცდელობა.


„ისევე, როგორც ტყუილია და ცრუა მათი ყველა ბრალდება, იგივეა ამ შემთხვევაშიც - როდესაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას ამა თუ იმ ფარულ ურთიერთობაში ადანაშაულებენ. ამაზე ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით ვამბობ - არანაირი დიალოგი, არანაირი ფარული კომუნიკაცია არავისთან არ გვქონია. ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატის გამოყენებას შევეცდებით - იმ დიპლომატიური ფორმატების, რომლებიც არსებობს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ", - აცხადებს ვიცე-პრემიერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930