3-11-2023
„ბოლო პერიოდში, ზოგიერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იქითკენ მიჰყავს საუბარი, რომ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. იმედია, ქალბატონ სალომეს არ დავიწყებია თავისი პირველი განაცხადი, როცა ამ თემზე თქვა - „არა და არასოდეს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა მედიასთან საუბრისას.
მისი თქმით, ექიმები სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში დაბრუნებასთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას მიღებენ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა იქნება.
„კი ვიცით ის ისტორია, თუ როგორ გაუჩნდა სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ქონება, მათ შორის, უნივერსიტეტი - უცბად რომ გამდიდრდნენ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეს ისტორიები კარგად იცის და იმედია, არ წაუცდება ხელი იმ მოლოდინით, რომ სააკაშვილის შეწყალების გამო კანდიდატის სტატუსის მონიჭებას მას მიაწერენ. ეს მას მართლა ძალიან ძვირად დაუჯდება. ამ ქვეყანას მშვიდად განვითარების საშუალება მისცენ და ისეთი ნაბიჯები არ გადადგან, რომელიც ქვეყანაში დიდ შფოთს შემოიტანს. ბოლო პერიოდში, ზოგიერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აქეთკენ მიჰყავს საუბარი, რომ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. იმედია, ქალბატონ სალომეს არ დავიწყებია თავისი პირველი განაცხადი, როცა ამ თემზე თქვა - „არა და არასოდეს“.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალურ მდგომარეობას, დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, ექიმები, მის პენიტენციურ სისტემაში დაბრუნებასთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას მიღებენ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა იქნება. აქვე, გულდაწყვეტით აღვნიშნავ იმ ე.წ. ექიმ-ექსპერტების შესახებ, რომლებმაც ლამის მთელი ქვეყანა დააჯერეს სააკაშვილის მოწამვლასა და იმ ძალიან ბევრ დიაგნოზში, რაც გვესმოდა. ამით მხოლოდ ჩვენ, კოლეგებს - ექიმებს არ მოგვაყენეს შეურაცხყოფა, არამედ - ექს-პრეზიდენტ სააკაშვილსაც, რომელსაც იმდენი დიაგნოზი აჰკიდეს, რომ სამედიცინო კურსის სტუდენტები შეიძლება ატარო მასთან თვალსაჩინოებისთვის“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.