გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოდან აშშ-ში, 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

5-11-2023

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.


აღნიშნული პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.


ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა. აღსანიშნავია, რომ იგი წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი მასშტაბური დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მან სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის შექმნა და მათი ფუნქციონირება უზრუნველყო. თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით, 6 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.


ძებნილი პირი აშშ-ში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის და მითითებული პირის ექსტრადიციის თაობაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს.


ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიციის ფაქტს, დღეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილი პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისთვის.


როგორც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულის ექსტრადიცია განხორციელდა საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მუშაობის შედეგად, რათა აღნიშნული პირი წარმდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე.


ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკოლ მ. არგენტიერის განცხადებით, ეს ექსტრადიცია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყვეტი კოორდინაციის და პარტნიორობის შედეგია.


საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული პირის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო. ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დაუშვებლად ცნო და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.


2023 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ძებნილი პირის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. ძებნილი პირის საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტირება აშშ-ის მარშალთა სამსახურის მიერ მოხდა.


საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930