7-11-2023
ის, რაც დღეს ხდება, შემთხვევითი, ციდან ჩამოვარდნილი ამბავი არ არის. სამწუხაროდ ბევრს არ ახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მე ვარ ერთადერთი დეპუტატი, რომელიც იმ მოწვევის პარლამენტშიც მუშაობდა და მახსოვს ყველაფერი, ვინ რას აკეთებდა, რათა ფაქტობრივად ოკუპანტებისთვის და სეპარატისტებისთვის, დაეკანონებინა ის უბედურება, რაც ცხინვალში ხდება - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ცაგარეიშვილმა მედიას ორი საარქივო დოკუმენტი გააცნო - 2007 წლის 13 აპრილს მიღებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სათანადო პირობების შექმნის შესახებ და დადგენილება დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ, რომელსაც, მისი თქმით, ხმა მისცეს ლევან ბეჟაშვილმა, ძმებმა ბერძენიშვილებმა, გიგა ბოკერიამ, ნინო ბურჯანაძემ, მიხეილ მაჭავარიანმა, მაია ნადირაძემ და სხვებმა.
მისი თქმით, ამ უთავბოლო, მოღალატეობრივმა გადაწყვეტილებამ დაადგინა სწორედ ის საზღვარი, რომელიც მათ შორის ლომისას ტაძარზე გადის ახლა.
„მინდა მივუსამძიმრო კირბალს, გორელებს, მთლიანად საქართველოს. ეს არის დიდი უბედურება არა მხოლოდ მათთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ტრაგედია. ეს განგრძობადი ოკუპაცია, მკვლელობები, გატაცებები უდიდესი გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენ გვიწევს ამ პირობებში ცხოვრება, არსებობა და განვითარება.
საფრთხე არ არის შემცირებული და ეს გავეშებული ოკუპანტი, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს უკრაინაში და ფაქტიურად ყველაფერი გაანადგურა საქართველოში მანამდე, თანაც რამდენჯერმე, აფხაზეთში, ცხინვალში, ისევ გვიხოცავს თანამოქალაქეებს .
ფაქტიურად ყოველ დღე გვიწევს ბეწვის ხიდზე სიარული. ეს ყველას გამოწვევაა - არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციისა და ყველა ადამიანის. სამწუხაროდ, ამას დასასრული არ უჩანს, მაგრამ, როცა წინაპირობებზე და მიზეზებზე საუბრობენ, ხშირად ჩვენც გვამუნათებენ, რატომ იყურებით წარსულისკენ, რატომ საუბრობთ, რაც მოხდა.
ის, რაც დღეს ხდება, შემთხვევითი, ციდან ჩამოვარდნილი ამბავი არ არის. სამწუხაროდ ბევრს არ ახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ამას დაქადნებით და სიამაყით არ ვამბობ, მე ვარ ერთადერთი დეპუტატი, რომელიც იმ მოწვევის პარლამენტშიც მუშაობდა, ოპოზიციაში ვიყავი, ახლა სახელისუფლებო გუნდის წევრი ვარ და მახსოვს ყველაფერი, ვინ რას აკეთებდა, რათა ფაქტობრივად ოკუპანტებისთვის და სეპარატისტებისთვის, დაეკანონებინა ის უბედურება, რაც ცხინვალში ხდება.
ეს არის ორი დოკუმენტი, საარქივო დოკუმენტები, ეს ბევრს არ ახსოვს. პირველი ეს არის - 2007 წლის 13 აპრილს მიღებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სათანადო პირობების შექმნის შესახებ კანონის მესამე მოსმენა და მიიღეს სწორედ ამ დღეს ჩემმა კოლეგებმა.
მეორე უბედურება მიაწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა თქმა უნდა სააკაშვილის ხელდასხმით მიიღო დადგენილება დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ.
მაგალითად ლევან ბეჟაშვილს აქვს მიცემული ხმა. შეიძლება გამობრძანდეს დღეს ბატონი ლევანი და დამამუნათოს და ჭკუა დამარიგოს, ძმებ ბერძენიშვილებს, გიგა ბოკერიას, ნინო ბურჯანაძეს, მიხეილ მაჭავარიანს, მაია ნადირაძეს აქვს ხმა მიცემული და ბევრს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ნებისმიერ შემთხვევაში ამტყუნებენ საქართველოს ხელისუფლებას, ოღონდ საით უბიძგებენ ხელისუფლებას, ამას ბოლომდე ვერ შიფრავენ და ამბობენ. ამ უთავბოლო, მოღალატეობრივმა გადაწყვეტილებამ დაადგინა სწორედ ის საზღვარი, რომელიც მათ შორის ლომისას ტაძარზე გადის ახლა. ეს „ქართულ ოცნებას“ არ გაუკეთებია. 2007 წელს მოხდა ეს უბედურება. დააკანონეს სამხრეთ ოსეთის გამსახურდიას მიერ გაუქმებული ოლქის აღდგენა, გაატარეს ადმინისტრაციული საზღვრები ძველი ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე და შემდეგ ჩვენ ე.წ. სარკოზის დოკუმენტით მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამიტომ ხელის გამოშვერა ყველაზე მარტივია. ვინც აღადგინა ეს ყველაფერი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ უბედურებას, მე 2008 წელს აგვისტოშიც აქ გახლდით, მაშინაც პარლამენტის წევრი ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს ვინ როგორ იქცეოდა და რას აკეთებდა საქართველოში“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.