8-11-2023
„თავისი კომპეტენციის ფარგლებში არათუ ვითანამშრომლებთ, მივეხმარებით კიდეც, ოღონდ გაიგოს საქართველოს პრეზიდენტმა რა არის მისი კომპეტენციის ფარგლები“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა: „აპირებს თუ არა „ქართული ოცნება თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან?“
„ამ ქვეყანაში ყველამ თავისი საქმე გაიგოს და ჩვენ მზად ვართ ყველას მივეხმაროთ გაგებაშიც, აღქმაშიც, მის შესრულებასა და აღსრულებაშიც, არანაირი პრობლემა გვაქვს, პირიქით“-აღნიშნა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, მმართველი პარტია მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტთან.
„როგორ მიგაჩნიათ, რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, ევროპისკენ რომ ისწრაფვის იმ ქვეყნის ხელისუფლება შეძლებს მარტივად თანამშრომლობას იმ პრეზიდენტთან, ან სხვა თანამდებობის პირთან, ან ინსტიტუტთან, რომელიც რუსულ ნარატივს აბრალებს, აწებებს ხელისუფლებას და ცდილობს იმ ადამიანების და პოლიტიკური ჯგუფების მავნებლურ რიგში ჩადგეს, რომელიც დაკავებულია საკუთარი ქვეყნის არჩევანის გარუსებით. მარტივია? ამ სირთულის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ, ოღონდ თავისი კომპეტენცია გაიგოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არათუ ვითანამშრომლებთ, მივეხმარებით თავისი უფლებამოვალეობების განხორციელებაში“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024