15-11-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და უნივერსიტეტში კვების ახალი ობიექტების გახსნის საკითხზე იმსჯელეს.
ჯაბა სამუშიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სტუდენტების ინიციატივას და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან უკვე იგეგმება თსუ მეათე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კვებისახალი ობიექტების გახსნა. აღსანიშნავია, რომ კვების ობიექტების მოწყობის თემაზე მრავალი მცდელობის მიუხედავად ტენდერი ვერ შედგა და უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, თავად უზრუნველყოს სტუდენტებისთვის კვების ობიექტების მოწყობა.
რექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ის აქტიურად ადევნებს თვალს კვების ობიექტების მუშაობას, იმისათვის, რომ ხარისხი და უსაფრთხოება მუდმივად იყოს პრიორიტეტი.ამ მიმართულებით უკვე გამოიყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს შესრულებულ სამუშაოებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ ყველა ამ ობიექტში საკვების ფასი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სტუდენტებმა დააფიქსირეს საკუთარი საჭიროებები, მოსაზრებები და ინიციატივები, მათ შორის, ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ფასების ხელმისაწვდომობა და კვების ობიექტებში მათი დასაქმების შესაძლებლობები.