11-01-2018
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა, რომლის თანახმადაც, წვევამდელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მსახურებისთვის ანაზღაურებას აღარ მისცემენ.
ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი, კანონზე ხელმოწერის მიუხედავად, ამ ცვლილებას არ მიესალმება.
„ერთ-ერთი კანონი, რომელიც ასევე იყო სამუშაო პროცესის ნაწილი, არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები. ამ ცვლილებებით გარკვეულწილად იცვლება მოსამსახურეთა მდგომარეობა. მართალია, აქამდე წვევამდელებს მცირე, მაგრამ მაინც ანაზღაურების საფასურად შეეძლოთ ემსახურათ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. ახლა კანონი ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს და შესაძლებელია, კონტრაქტის გარეშეც მოხდეს მათი აყვანა ამ სამსახურში. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ცვლილებას არ მივესალმებით და ვიფიქრობთ, რომ ფინანსური მხარის გადაწყვეტა სხვაგვარადაც იყო შესაძლებელი. სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი კანონებს ხელს მოაწერს და ძალაში შევა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა და საზოგადოებამ აქტიურად მიადევნოს თვალი, თუ როგორ განხორციელდება და დაინერგება ეს კანონები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 40-მდე კანონს ხელი მოაწერა. მათ შორისაა საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, მარტოხელა მშობლის უფლებების დაცვის, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების გაძლიერების შესახებ კანონები.