21-11-2023
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 2-3 დეკემბერს შიდა ქართლი ყველაზე მასშტაბურ სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს - ConstrucThon 2.0-ს უმასპინძლებს, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 36 საათის განმავლობაში მონაწილეები საკუთარ სტარტაპ იდეებზე იმუშავებენ.
„ამასთან, გადაჭრიან სექტორში არსებულ გამოწვევებს შემდეგი მიმართულებებით: ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები სამშენებლო მასალების გაუმჯობესების მიმართულებით; ჭკვიანი სახლის სისტემების (IoT, Software-Hardware) უზრუნველყოფა; ინოვაციური მდგრადი გადაწყვეტილებები მშენებლობაში (ეკო, ენერგოეფექტური სახლები და ა.შ); უსაფრთხოების ინოვაციური სისტემები (მათ შორის, შრომის უსაფრთხოება) სამშენებლო სექტორში; სერვისი (სამშენებლო სამუშაოების მომზადების, მენეჯმენტის, სამშენებლო ტექნიკით და ინვენტარით უზრუნველყოფა, მექანიზაცია, იურიდიული მხარდაჭერა); მონიტორინგის ინოვაციური სისტემები; ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები დეველოპმენტში; ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები არქიტექტურაში.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (16 წლიდან) - სტუდენტებს, ინჟინრებს, პროგრამისტებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს, ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს, სტარტაპერებს, მარკეტერებს და სამშენებლო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს. ჰაკათონი დემო დღით დასრულდება, სადაც გამარჯვებული GITA-გან იდეის განხორციელებისთვის 5000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია მონოლით ჯგუფი, რომელმაც საპრიზო ფონდი 5000 ლარის ოდენობით დააწესა. ამავდროულად, მონოლით ჯგუფის მიერ რჩეული გუნდის გამოვლენის შემთხვევაში, მათ ექნებათ სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობის შესაძლებლობა პროდუქტის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით.
ჰაკათონის ფარგლებში, ტრანსპორტირება, დღისა და ღამის კვება უზრუნველყოფილი იქნება, მონაწილეები შეძლებენ ტექნოპარკის სივრცეებითა და ფაბლაბის დანადგარებით სარგებლობას ღამის საათებშიც.
პროექტის განმახორციელებელია „ინოვაციური განათლების ფონდი“.
ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://mtr.cool/fiyyljhwuo“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024