გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წელს გასამართლებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა

27-11-2023

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, 2010 წელს გასამართლებულების ნელი ნავერიანის და მალხაზ ბარამიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.


2010 წელს, ნელი ნავერიანი სხვა პირებთან ერთად გასამართლებული იქნა , ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „გ"ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.


იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, კანადის მოქალაქე უ. ს-მ მესტიის რაიონის დაბა მესტიაში შეიძინა ტურისტული ბაზა „უშბა" და მის სახელზე არსებული ქონების მართვაში თავის მინდობილ პირად - დანიშნა დ.ქ.


მესტიაში ყოფნისას დ.ქ.-მ გაარკვია, რომ დაბა მესტიის ზოგიერთ მკვიდრს გარკვეული პრეტენზია გააჩნდა ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, დ.ქ. სასტუმრო „მესტიაში" შეხვდა ნელი ნავერიანს, შ. ჯ. - ს, დ. ჯ. -ს, ტ. ჯ.-ს და მათ ნათესავებს.


შეხვედრისას დ.ქ.-მ აღნიშნულ პირებს განუმარტა, რომ ტურისტული ბაზა „უშბა" მისმა პარტნიორმა შეიძინა კანონის შესაბამისად, თვითონ კი იყო მისი წარმომადგენელი და აპირებდა ბაზის ამუშავებას. მსჯავრდების საქმის თანახმად, ნელი ნავერიანმა და შეხვედრაზე მყოფმა სხვა პირებმა დ.ქ. -ს განუცხადეს, რომ მათ არ გააჩნდათ დასახელებული უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო ზემოხსენებული ტურისტული ბაზა წარსულში ეკუთვნოდა მათ. მსჯავრდების საქმის მიხედვით, ტურისტული ბაზის მართვის განხორციელებისა და ბაზაზე სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად აღნიშნულმა პირებმა ძალადობის მუქარით დ.ქ. -ს მოსთხოვეს მათთვის 220 000 ლარი გადაეხადა. დ.ქ. -მ ნელი ნავერიანს და მის ნათესავებს შესთავაზა, რომ მათ მიერ მოთხოვნილ თანხას ეტაპობრივად გადაუხდიდნენ, საიდანაც საწყის ეტაპზე 70 000 ლარს გადასცემდნენ.


2010 წლის 7 ივლისს დ.ქ. დაბა მესტიაში, სასტუმრო „მესტიაში" შეხვდა შ. ჯ. - ს, დ. ჯ. -ს და ტ. ჯ.-ს და მათ მიერ მოთხოვნილი თანხა 70 000 ლარი გადასცა. თანხის გადაცემის დროს სამართალდამცავებმა დააკავეს აღნიშნული პირები, ხოლო ნელი ნავერიანი საკუთარ სახლში იქნა დაკავებული.

2011 წლის 16 მარტს, სასამართლოს საბოლოო განაჩენით, ნელი ნავერიანი სრულად იქნა ცნობილი დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.


სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანი დ.ქ.-თან შეხვედრებისას მუდმივად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით წარმოშობილი დავის სამართლებრივი ფორმით დარეგულირებასთან დაკავშირებით. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანი არ ესწრებოდა დ.ქ.-ს მიერ მისი ნათესავებისთვის თანხის გადაცემის შეხვედრას. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელახალი გამოძიების შედეგად სრულად გამოირიცხა ნელი ნავერიანის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.


რაც შეეხება მალხაზ ბარამიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს, 2011 წლის 4 თებერვალს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით მალხაზ ბარამიძესთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წელი პირობითი მსჯავრი, 6 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.


იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, მალხაზ ბარამიძემ, მისთვის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადასაცემად, 2007 წლის 12 დეკემბერს ყალბი შინაარსის განცხადება შეადგინა, რასაც საკუთარი პირადობის მოწმობის ასლი, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ შედგენილი საკადასტრო რუკა დაურთო და ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა. კომისიის წევრები და თავმჯდომარე ნ.ა. ენდნენ რა წარდგენილ დოკუმენტაციას, სხდომაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მდებარე 3007 კვ.მ მიწის ნაკვეთის მალხაზ ბარამიძის საკუთრებად აღიარების შესახებ, რაზეც გაცემული იქნა საკუთრების მოწმობა.


საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ბარამიძე 1991 წლიდან კანონიერად ფლობდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და მისი მხრიდან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიითვის განცხადებით მიმართვა იყო სრულიად ლეგიტიმური. გამოძიების ფარგლებში საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის გამოძიების პროცესში მოწმის სახით გამოკითხული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი წევრების გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ მ.ბარამიძის მხრიდან კომისიის შეცდომაში შეყვანას ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, რამდენადაც მისი მხრიდან კომისიისთვის არ ყოფილა წარდგენილი რაიმე ყალბი დოკუმენტი ან რაიმე სხვა ფორმით დამახინჯებული ინფორმაცია.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულების: ნელი ნავერიანის და მალხაზ ბარამიძის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და პროკურატურამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა.


ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 20 ნოემბერს ნელი ნავერიანის, ხოლო 22 ნოემბერს მალხაზ ბარამიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.


დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 474 პირი, რომელთაგან 332 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 122 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 121 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930