28-11-2023
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულ ჰრანარ არნარსონის მხარდაჭერით, რეიკიავიკში, კინოთეატრში „Bioparadis“ სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა.
ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და რომ 8000 წლის წინ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის წარმოება, რაც უწყვეტად გრძელდება. ორმოცწუთიანი ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით.
ამასთან ერთად, რეიკიავიკის ბიზნესცენტრში (Óðinsgata7,101 Reykjavík) და ისლანდიის ღვინის მონოპოლურ კომპანიაში „ვინდბუდინი“ ქართული ღვინის პერზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა. ღონისძიებებს, რომლებსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი, ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები დაესწრნენ.
ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია კოპენჰაგენი, დანიაში ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიასთან „Rosfort&Rosfort“ ერთობლივი ორგანიზებითაც გაიმართა.
ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიებებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე დაესწრო. სკანდინავიის ქვეყნებში გამართული ღონისძიების აქტიური მხარდამჭერი დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოა.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მარკეტინგული აქტივობების განხორციელება გასული წლიდან აქტიურად დაიწყო. კერძოდ, შვედეთსა და დანიაში, 2022-2023 წლებში, ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა.