გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

28-11-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ედიტე მედნესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.


მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლატვიის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი სასწავლო და კვლევითი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.


როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, ბალტიის ქვეყნებთან თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.


„ჩვენს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ვეცდებით, ინტენსიურად ვითანამშრომლოთ გაცვლითი პროგრამების, საზაფხულო სკოლების განხორციელების კუთხით, აგრეთვე, ჩვენი სტუდენტების და პერსონალის დაახლოებისთვის“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ედიტე მედნემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე, ლატვიის რესპუბლიკის სხვა უნივერსიტეტებთან ორმხრივი ურთიერთობების დამყარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.


„ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები თანამშრომლობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერაზმუს+-ის და Horizon Europe-ის პროექტების ფარგლებში, თუმცა, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ სხვადასხვა მიმართულებით“, -აღნიშნა ელჩმა.


თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივით დაიგეგმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლატვიის უნივერსიტეტის ერთობლივი გამოცემის - საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის ისტორიის წიგნის მომზადება, რომელიც საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საელჩოსა და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გამოიცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930