30-11-2023
„ერთ დღეს, იმ შენობაში, სადაც ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უძვირფასესი მასალა სააკაშვილმა შეყარა, წყალი შევიდა და ეს უძვირფასესი, ისტორიული, ხელიხელ საგოგმანები ნივთები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ჩვენი ისტორიული იდენტობის დასადგენად, წყალში ტივტივებდა," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა ქვეყანაში შეიქმნას ქართველოლოგიის ცენტრი, რათა სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღება მიექცეს იმ დარგებს, რასაც ქართველოლოგია მოიცავს - ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, ქართული ლიტერატურა, ენათმეცნიერება.
"დავით გურამიშვილს აქვს ერთი ასეთი ფრაზა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო; ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო.“ ანუ, შენი იდენტობა, თვითიდენტიფიკაცია რომ იცოდე, მართლა კარგად უნდა იცოდე - ვინ ხარ, რა შეგიქმნია და რა წვლილი შეგიტანია მსოფლიო ცივილიზაციათა კულტურაში. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად ვითარდებოდეს ის დარგები, რასაც ქართველოლოგია მოიცავს - ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, ქართული ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ქართული მუსიკა და ა.შ. ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა და დაფინანსება.
ეს არ ნიშნავს, რომ ერთ ინსტიტუტში გავაერთიანოთ ყველაფერი, მაგრამ შეიძლება იყოს რაიმე ცენტრი (მაგალითად, ქართველოლოგიის ცენტრი), რომელიც ყველა ამ მიმართულებას დაეხმარება. ერთ მაგალითს ვიტყვი: დღესაც არსებობს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, რომელსაც ჰქონდა მშვენიერი შენობა მელიქიშვილზე და რომელიც დაანგრია „ნაცმოძრაობამ“ - გაასხვისა და იქ სასტუმრო აშენდა.
ის უძვირფასესი მასალა, რომელიც იქ ინახებოდა, დღეს სადღაც ნახევარსარდაფშია შეყრილი. იქვეა ის უძვირფასესი მასალა, რომელიც ქართველმა პალეოანთროპოლოგებმა ათწლეულების განმავლობაში შეაგროვეს. ეს მასალა ევროპაში ერთ-ერთი უმდიდრესია. ერთ დღესაც, იმ შენობაში, სადაც ეს ყველაფერი სააკაშვილმა შეყარა, წყალი შევიდა და ეს უძვირფასესი, ისტორიული, ხელიხელ საგოგმანები მასალა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ჩვენი ისტორიული იდენტობის დასადგენად, წყალში ტივტივებდა. შეიძლებოდა ყველაფერი მთლიანად დაგვეკარგა. ისიც კი არ ვიცით დღეს, რა დაზიანდა და რა ვერ გადარჩა. ამიტომ, ამ ყველაფერს მოვლა სჭირდება. იგივე, ხელნაწერთა ინსტიტუტში, სადაც უძვირფასესი მასალებია შენახული, შეიძლება საგამოფენო სივრცე გაკეთდეს, როგორც ეს სომხეთშია და მნახველს ჰქონდეს ამ უძვირფასესი მასალის ნახვის საშუალება.
იგივე, შეიძლება ვთქვათ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც უკვე ვახსენე. მათი ცალ-ცალკე კვლევაც საჭიროა და ერთიანი ხედვის არსებობაც. ამ ქვეყნის მოქალაქეები ჭეშმარიტ ქართველებად და პატრიოტებად რომ აღიზარდონ (საქართველოს ყველა მოქალაქეს ვგულისხმობ), მსგავსი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა სოზარ სუბარმა.