გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა

16-12-2023

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გახსნა.


მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მათ კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განათლების საერთაშორისო ცენტრის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაფუძნდა.


მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა  სტუდენტებისთვის უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემის მნიშვნელობას და განათლების საერთაშორისო ცენტრის პარტნიორ საელჩოებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.


ღონისძიების ფარგლებში გიორგი ამილახვარმა სპეციალური პრიზები გადასცა საქართველოში საფრანგეთის, აშშ-ის, იტალიის, ჩინეთისა და უნგრეთის საელჩოებს 2023 წელს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მოგეხსენებათ, აღნიშნულ ქვეყნებთან, საპარტნიორო თანამშრომლობის ფარგლებში, განათლების საერთაშორისო ცენტრი სხვადასხვა აკადემიურ პროგრამას წარმატებით ახორციელებს. 


ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა, რომელმაც საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, უცხოეთის ქვეყნებში სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის პირველ ეტაპზე ბონუს ქულა, სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის გარდა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებსაც მიენიჭებათ. 


შემაჯამებელ ღონისძიებაზე საზოგადოებას წარედგინა ახალი სასტიპენდიო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული ქართველი სტუდენტები დამატებით სტიპენდიას მიიღებენ. კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის „Stipendium Hungaricum”-ის გამარჯვებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური შეფასება ექნებათ, მიეცემათ შესაძლებლობა, უნგრეთის მთავრობის დაფინანსებასთან ერთად, მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი წლიურად 2500 ევროს ოდენობით. თავის მხრივ, სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები ვალდებულნი იქნებიან, სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდნენ და დასაქმდნენ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად 3 წლის ვადით.


შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში პირველად ცენტრის ისტორიაში 2023 წლის წარმატებულ კურსდამთავრებულს ანნა ბრჟეზოვსკაიას ბარბარე ყიფიანის სახელობის პრემია გადაეცა. აღნიშნული პრემია, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრმა წელს დააარსა, ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად, საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტიპენდიატს გადაეცემა. 


აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, განათლების საერთაშორისო ცენტრმა, კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო ორგანიზაციებთან და კერძო სააგენტოებთან.


ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები - გელა გელაძე და ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ცენტრის სტიპენდიატები და 2023 წლის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.


განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 2014 წელს დაფუძნდა. ცენტრი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ. სახელმწიფო აფინანსებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე ხელს უწყობს საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ, შესაბამის კვლევით თუ პროფესიულ ინსტიტუტებში.


2014-2023 წლების განმავლობაში სტუდენტებისათვის გამოყოფილმა დაფინანსებამ 42 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2023 წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, უცხოეთში განათლების მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, ჯამში 200-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაფინანსდა.


2023-2024 სასწავლო წელს ცენტრის მხარდაჭერით საქართველოს მოქალაქეების სწავლა დაფინანსდა ისეთ უნივერსიტეტებში როგორებიცაა: სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ), კარნეგი მელონის უნივერსიტეტი (აშშ), ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), კემბრიჯის უნივერსიტეტი(დიდი ბრიტანეთი), ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია (ბელგია), სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემია (აშშ), ვენის დიპლომატიური აკადემია (ავსტრია), დიუკის უნივერსიტეტი (აშშ), ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი (აშშ), მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გერმანია), სიანს პო (საფრანგეთი), სორბონის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ESCP ბიზნესის სკოლა (დიდი ბრიტანეთი), მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (იტალია), სიჩუანის უნივერსიტეტი (ჩინეთი), ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი), დებრეცენის უნივერსიტეტი (უნგრეთი) და სხვ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930