18-12-2023
საქართველოს თავდაცვის უწყების 2023 წლის საქმიანობისა და უწყებაში მიღწეული პროგრესის შეჯამებისას, თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ამ ჭრილში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების ძალისხმევასა და გაწეულ სამუშაოზე გაამახვილა ყურადღება: „ამ გამოწვევების ფონზე ჩვენი ქვეყანა ვითარდება სტაბილურად, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და მომავალშიც შევინარჩუნებთ.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იყო ერთადერთი დეკადა და ერთადერთი ხელისუფლება, როდესაც არ ყოფილა ომი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი Live“ სტუმრობისას.
თავდაცვის მინისტრმა ის ძირითადი კომპონენტები მიმოიხილა, რაც რეგიონში და მსოფლიოში არსებული მზარდი საფრთხეების ფონზე, თავდაცვის სფეროში პრიორიტეტებს წარმოადგენდა და უწყებამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მან საზოგადოებას თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ინსტიტუციური განვითარების, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.