18-12-2023
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტებები მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს ჩინეთში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო „ერთი გზა, ერთი სარტყელის" ფორუმში მისი დაარსების დღიდან მონაწილეობს.
„ერთი გზა, ერთი სარტყელი" - ეს არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის მათ შორის ევროკავშირის ბევრი ქვეყანა და საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობს მისი არსებობის დღიდან, ყოველ ჯერზე. მათ შორის ფორუმში მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციაც, თითქმის ყოველთვის. თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმენაირი ფორმით დღეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია რუსეთთან, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია. თუ გვინდა თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, მე გეუბნებით, რომ რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. დიახ, ჩვენ გვაქვს დიალოგი იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ჩინეთში მისი ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შესახებ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ამომწურავი პასუხები უკვე გასცა, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან ამ საკითხით, სახელისუფლებო გუნდის დისკრედიტირების მიზნით, სპეკულირება კვლავ ხდება. რაც შეეხება რეალურ ფაქტებს, ლევან დავითაშვილის განმარტებით, რვაწლიანი ინტერვალის შემდეგ საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური კომისიის პირველად ჩატარდა მიმდინარე წელს, სწორედ ფორუმის პარალელურად. ფორუმზე საქართველოს დელეგაცია მიწვეული იყო ჩინური მხარის მიერ, ამასთან, ფორუმში მონაწილეობდა 150 ქვეყანა, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები, სხვადასხვა დონეზე - სახელმწიფოს მეთაურები, მინისტრები თუ ელჩები.
„ფორუმზე ევროკავშირის 10-მდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი, ეს ოფიციალურადაა ფორუმის პროტოკოლებში დაფიქსირებული. ჩვენი იქ დასწრება იყო პატივისცემის გამოხატულება ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ. ეს იყო პრეზიდენტ სი ძინ პინის პირადი მოწვევა, ფორუმზე და მათ შორის კომისიის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა იყო უმაღლეს დონეზე მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ და ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო გამომდინარე იმ დინამიკიდან, რომელიც დღეს ჩვენ ჩინეთთან გვაქვს, იგივე სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, „ერთი გზა, ერთი სარტყლის" ინიციატივის არსებობის მანძილზე, ჩინეთმა პირველად მიანიჭა მნიშვნელობა ე.წ. შუა, იგივე ცენტრალურ დერეფანს, რომელიც საქართველოსთვის სავაჭრო-ეკონომიკური თუ სატრანზიტო კუთხით ასე საინტერესოა. შესაბამისად, ეს ფორუმი იყო პირველი შემთხვევა, როცა „შუა დერეფანი" ჩინეთის პრიორიტეტებს შორის დასახელდა, საქართველო კი „დერეფნის" ქვეყნებთან მაღალ კოორდინაციაშია.
რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს, ლევან დავითაშვილი ხაზგასმით პასუხობს, რომ ამ ნაწილში საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულია - სტრატეგიული მიმართულება და ხაზი არის ევროკავშირთან ინტეგრაცია.
„ამ გზაზე ჩვენი პოლიტიკა არის წარმატებული, ეს არის აღიარებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. დასმული იყო კითხვა - ჩვენი მონაწილეობა ამ ინიციატივაში რამდენად აზარალებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ვფიქრობ, ამას პასუხი გასცა ევროკავშირის ხელმძღვანელობამ - როგორც კომისიამ, ისე საბჭომ 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.