19-12-2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ექვსი პირი, რომელთაგან ოთხი მეწარმე სუბიექტია, ხოლო ორი - კომპანიის ბუღალტერი.
გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულები, 2020-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ მმართველობაში არსებულ საწარმოებში, რის შემდგომაც დაამზადეს ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფიქტიურად დასაქმებული 111 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - ჯამში 111 000 ლარის ოდენობით, რომელიც განაწილებულ იქნა ბრალდებულებსა და ორსულ ქალებს შორის.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.