20-12-2023
„გარკვეულ ძალებს ჰქონდათ ზემოქმედების ბერკეტი კონკრეტულ სახელმწიფოებზე და ვფიქრობთ, რომ ასე დაიბლოკა საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
წამყვანის შეკითხვაზე, რამ გადაწყვიტა ის, რომ ახლა გახდა ევროკავშირი მზად, პოლიტიკური გზავნილი გაეკეთებინა, რაც არ გააკეთა წელიწადნახევრის წინ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „აქ საქმე ევროკავშირში არ იყო“.
„მგონია, რომ აქ საქმე ევროკავშირში არ იყო და ჩვენ ამაზე ღიად ვაკეთებდით განცხადებებს. შარშან, ივნისში, ევროკავშირის ინტერესებში იყო, ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. არაფერში სჭირდებოდა ევროკავშირს ის სცენარი, რომელიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში. შეგახსენებთ რა იყო ეს პროცესები, რომელიც ქვეყანაში ვიხილეთ. ეს იყო ივნისში რევოლუციის მცდელობა, პოლარიზაციის გაღრმავება და ოპოზიცია წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სწორედ კანდიდატის სტატუსის თემას იყენებდა დამატებით პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ეს ევროკავშირს არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმ რეალობას რომელიც არის. ევროკავშირში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის წესით. 27 ქვეყანა ერთხმად იღებს გადაწყვეტილებებს. ერთი ქვეყანაც რომ გამოაკლდეს ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ვეღარ იქნება მიღებული. ვფიქრობთ, რომ შარშან ასეთი რაღაც მოხდა. გარკვეულ ძალებს ჰქონდათ ზემოქმედების ბერკეტი კონკრეტულ სახელმწიფოებზე და ვფიქრობთ, რომ ასე დაიბლოკა საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იყო არა ევროკავშირის ინტერესებიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება, არამედ ეს იყო გარკვეული გარე ზემოქმედებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთი ქვეყანა საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყნის სასარგებლოდ არ იყოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, მათ შორის ეს ეხება კანდიდატის სტატუსს“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.