22-12-2023
ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბრიუსელში მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. კამპანიის ფარგლებში, ბელგიის დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ბანერები განთავსდა. ავტობუსები და ტრამვაი საქართველოს სარეკლამო ფოტოებით გაფორმდა. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ლედეკრანები და სტატიკური ბანერი განთავსდა. ბრიუსელის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია ევროპაში, აეროპორტმა შარშან 19 მილიონამდე მგზავრი მიიღო.
ბელგიაში მიმდინარე კამპანიის მიზანია, ევროპის ქვეყნებში საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება, ტურისტული პროდუქტების წარდგენა და უცხოელ ტურისტთა მოზიდვა.
ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაიცნონ საქართველოს როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე კულტურული მრავალფეროვნება. მიმდინარეობს ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში). მრავალფეროვანი საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს.
„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის საზოგადოებისთვის წარდგენისა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის“, – – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.