გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: პატრიარქის სიტყვები - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, შემთხვევით წარმოთქმული არ არის, ეს არის ის, რასაც უწმინდესი მთელი ცხოვრება ემსახურებოდა

25-12-2023

„მას შემდეგ, რაც ილია II პატრიარქი გახდა, ძალიან მალე საპატრიარქო მიზიდულობის ცენტრი გახდა ახალგაზრდებისთვისაც და თავშესაფარი დისიდენტებისთვის, ადამიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა ხელისუფლება დევნიდა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა სტუ-ს ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 46 წელთან დაკავშირებულ კონფერენციაზე.

 

სოზარ სუბარმა ისაუბრა უწმინდესის იმ დამსახურებებზე, რომელიც ილია II-ის პატრიარქად მოღვაწეობის 46 წელს უკავშირდება.

 

„პირველად, გაბრიელ ქიქოძის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ დააყენა საკითხი, რომ მეცნიერება და სარწმუნოება უნდა გაერთიანებულიყო. მოიზიდა მეცნიერები, რომლებიც საპატრიარქოს ირგვლივ გაერთიანდნენ. სწორედ მაშინ ამოქმედდა სასულიერო სემინარია, ხოლო, როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, დაარსდა სასულიერო აკადემია (მისი ერთ-ერთი სტუდენტი ვარ). ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიიზიდა აკადემიამ მაშინ და ის დღემდე რჩება ფუნდამენტური განათლების მისაღებ ერთ-ერთ ცენტრად. შემდეგ შეიქმნა საპატრიარქოს უნივერსიტეტი, დაარსდა ათობით სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის - გალობის, ხატწერის შემსწავლელი სკოლები, ხოლო ქართული მინანქრის შესწავლა, რომელიც დაკარგული იყო, აღდგა და თავისი სახელი დაიმკვიდრა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

სოზარ სუბარმა გაიხსენა ისიც, რომ ხშირად საზოგადოებას არ გაუთვალისწინებია პატრიარქის შეგონებანი და შედეგიც სავალალო დამდგარა.

 

„ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ უწმინდესის რჩევები, წინასწარმეტყველური სიტყვები არ გაგვიზიარებია, არ დაგვიჯერებია და ამას მივუყვანივართ ცუდ შედეგებამდე. ასე იყო 2008 წელს, როცა პატრიარქი რამდენიმე თვით ადრე გვაფრთხილებდა, რომ ყველაფერი მიდიოდა ომისკენ. სამწუხაროდ, მაშინ ეს გაფრთხილება ყურად არ ვიღეთ და ძალიან მძიმე შედეგი დადგა. თუმცა, უწმინდესმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი მეომრების ცხედრები, რომელთა დამარხვა ვერ ხდებოდა, მისი პირადი ავტორიტეტითა და პირადი თხოვნით გადმოგვესვენებინა და მშობლიური მიწისთვის მიგვებარებინა.

 

1989 წლის აპრილში (მაშინ მე დავით გარეჯაში ვმსახურობდი), მოაღწია ამბებმა, რაც თბილისში ხდებოდა. 9 აპრილის ჩამოვედი თბილისში და იქ როცა პატრიარქმა მოგვიწოდა გადაგვენაცვლებინა ქაშვეთისკენ, რადგან არსებობდა სისხლის დაღვრის საფრთხე, ხალხმა ადგილზე დარჩენა გადაწყვიტა. უწმინდესი კი, როგორც ჭეშმარიტ მწყემსს შეშვენის, ხალხთან ერთად დარჩა.

 

ეს არის ჭეშმარიტი მწყემსის მაგალითი, როცა ის თავის ხალხთან ერთადაა. მისი სიტყვები - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, შემთხვევით წარმოთქმული არ არის. ეს არის ის, რასაც უწმინდესი მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ჩვენც მოგვცა მაგალითი, თუ რას უნდა ვემსახუროთ, რა არის ის ღირებულება, რისთვისაც სიცოცხლეც ღირს და თუ საჭიროა, თავის გაწირვაც. მინდა მივულოცო უწმინდესს იუბილე და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო, იმიტომ, რომ ძალიან გვჭირდება ჩვენ მისი მწყემსობა და მისი ლოცვა“, - დასძინა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930