17-01-2024
"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი წმინდა მატრონას ხატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა.
სეფაშვილის თქმით, ეს არ იყო მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობა, ან ხატის და სხვისი საკუთრების დაზიანება. არამედ ეს იყო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტის წინააღმდეგ გალაშქრება.
„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები არ იყო მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობა, ხატის და კერძო საკუთრების დაზიანება. ეს იყო გალაშქრება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტის მიმართ.
საუბარი ეხება არა რელიგიურობას ან იმას, ვინ უფრო ეკლესიურია და მეტ პატივს სცემს რელიგიურ სიწმინდეებს, არამედ აქ საუბარია ჩვენს ღირებულებებზე შეტევაზე - იმ ღირებულებებზე რომელმაც საქართველო და ქართველი ერი გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა. ისტორიულად, ეკლესია სახელმწიფოსთან ერთად იდგა მტკიცედ იმ ღირებულებების დასაცავად, რომელმაც ჩვენ საშუალება მოგვცა შეგვენარჩუნებინა ჩვენი ეროვნულობა და ეთნიკურობა," - განაცხადა სეფაშვილმა.