გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატთან დაკავშირებული ისტერია არასამთავრობო ორგანიზაცია "სოვლაბის“ წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა გააჩაღა, მას შეუერთდა ბექა მინდიაშვილიც

21-01-2024

"ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი, სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც მეგრელიშვილი წერს, ბოლო დროს ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმებმა საშიში ხასიათი მიიღო, რასაც სამების ტაძარში განთავსებული ხატისთვის საღებავის შესხმაც მოწმობს.


მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი მესამე სექტორმა არათუ დაგმო, არამედ მისი ზოგიერთი წარმომადგენელი ჩართულია ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში.


"პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა სიფრთხილითა და დიდი სიზუსტით შეაფასა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ მოქმედი ანტი მართლმადიდებლური ძალები. მე ამ საკითხს მხოლოდ მცირედს დავამატებ. ისტორიულად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი და წვლილი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის იდენტობის შენარჩუნებაში განუზომლად დიდია.


ქართველმა ხალხმა იმდენად გაითავისა ქრისტიანული სარწმუნოება, რომ მასზე დაამყარა თავისი ყოველი ტრადიცია, ზნე-ჩვეულება, ადათი, ქცევა. ქრისტიანობა გადაიქცა ეროვნული ცნობიერების არა თუ უმთავრეს ელემენტად, არამედ ფუძე-საყრდენად. საუკუნეთა მანძილზე სიტყვები “ქრისტიანობა” და “ქართველობა” სინონიმები იყვნენ. ისტორიულად მტკიცედ დადასტურებული ფაქტია, რომ ერთის უარყოფა იწვევდა მეორის უარყოფას და პირიქით, ქრისტიანობის დაცვა ქართველობის დაცვას გულისხმობდა.


საქართველოს სახელმწიფოსა და ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმდა კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი). კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო აღიარებს ეკლესიას, როგორც დამოუკიდებელ რელიგიურ ორგანიზაციას. მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას და ა.შ.

გარდა ამისა, კონსტიტუციურ შეთანხმებაში არსებობს უამრავი პრივილეგია, რომლებიც მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა რელიგიურ დაწესებულებებთან შედარებით ენიჭება. ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენი ქვეყნის უმძიმეს პერიოდებში ეკლესია იდგა იმ ძლიერ ბურჯად, რომელმაც ერს გააძლებინა. ქართველის მიერ ეკლესიისადმი ამ დამოკიდებულების გააზრებით ყველა ვინც ეხება და შეეხება ამ საკითხს მინიმუმ ფრთხილი უნდა იყო საკუთარ შეფასებებში, მაგრამ არა, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით თვალში საცემია, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის პარალელურად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა რომელიც გაცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და საშიში ხასიათი მიიღო.

 

ჩვენ, სულ ახლახან გავხდით ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის მოწმე. ეს ფაქტი ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არ დაუგმიათ, უფრო მეტიც, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატთან დაკავშირებული ისტერია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის "სოვლაბის“ წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა გააჩაღა. მას შეუერთდა „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილიც. ადამიანი, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა რელიგიურ შემწყნარებლობის იდეის გავრცელება. მოვისმინეთ მძიმე შეფასებები მაგალითად, "ეს პატრიარქი და სამღვდელოება მოხსენით ერთხელ და სამუდამოდ დღის წესრიგიდან - დაანებეთ ამ ჯაშუშების ბუნაგს თავი." "ჩვენი ეკლესიის უკიდურეს დეგრადაციაზე მეტყველებს, რომ ჩვენ რუსული სტალინისტური პრავოსლავიეს მარგინალური ჯურღმული ვართ და არა საქართველოს სამოციქულო ეკლესია" და სხვა, მძიმე მოსასმენია. ეს არის პირდაპირი ბრძოლა ქართული სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.


დიახ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენიება „ჯაშუშად“, შობის საერო კალენდრით, 7 იანვარს აღნიშვნისთვის „ანტიდასავლური სიბრიყვის“ წოდება რელიგიური შეუწყნარებლობაა. ამ საკითხთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილმა მიმართა სახალხო დამცველს, საკითხში გარკვევის თხოვნით და როგორც აღმოჩნდა ე.წ. „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი“ რეალურად არ ყოფილა „სახალხო დამცველთან არსებული“ რაიმე ცენტრი თუ სტრუქტურული ერთეული, არამედ ის ყოფილა ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტი. შესაბამისად, სახეზეა კონსტიტუციური ორგანოს სახელწოდების მითვისება და ამით შეცდომაში შედის მოქალაქეთა დიდი ნაწილი, (ეს ენჯეოს სახელმწიფო ინსტიტუტად წარმოაჩენს). ცენტრი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში ფინანსდება. ვინ დაგვაჯერებს, რომ საქართველოს ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ საქმიანობის ხელშეწყობა, ანუ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება, ამერიკელი ხალხის ინტერესშია?!


იმედია USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში. მე კი, უკვე მერამდენედ ვრწმუნდები, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე კანონმდებლობის მიღება აუცილებელი იყო..." - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930