22-01-2024
თბილისისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამარაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კონკურენტუნარიანობის და ცოდნის გაცვლის საკითხებში, მის აღმატებულება აბდულლა ლუთასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება აჰმედ ალნუაიმი, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ- მინისტრის კაბინეტის წარმომადგენელი მანალ ბინ სალემი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც უმაღლესი განათლების მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლეს სასწავლებლებს შორის უთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმუშავებს. ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა სამინისტროს, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ დელეგაციის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ გააცნო ინფორმაცია. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან, მათ შორის, არაბულ სამყაროსთან. „არაბული კულტურისა და ცივილიზაციის სწავლების მხრივ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანია. ჩვენი ურთიერთობები ისტორიულია და ძალიან ვუფრთხილდებით. იმედია, უმაღლესი განათლების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებით ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბდულლა ლუთამ უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. „გვსურს, დავუკავშირდეთ მსოფლიოს სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს, ვისწავლოთ მათგან და ასევე გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა თქვენთან, გამოცდილი მკვლევრების და მეცნიერების გაცვლით თეორიული ცოდნის პრაქტიკულ სწავლებასთან გაერთიანება“,-აღნიშნა აბდულლა ლუთამ.
შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი ვორქშოფები, ტრენინგები, ლექციები, ასევე, ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზება, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.