26-01-2024
„დიდი ქვეყნებს შეუძლიათ პატარა ქვეყნების დეზინფორმირებით განიმტკიცონ თავიანთი გავლენები და არა მხოლოდ სახელმწიფოს, ჩვენი, პოლიტიკური ჯგუფების ვალდებულებაა საზოგადოების სწორი ინფორმირება,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციულმა კამპანიამ ხელი შეუშალოს ისეთი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა „შუა დერეფნის“ განვითარება.
„დეზინფორმაცია არის საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის ყველაზე ძლიერი იარაღი. თუ რომელიმე სახელმწიფოს სურს გავლენა მოახდინოს სხვა სახელმწიფოზე, შედის დეზინფორმაციით სახელმწიფოში, ახდენს საზოგადოების ცრუ ინფორმაციით მომარაგებას და იმორჩილებს მას. დიდ ქვეყნებს შეუძლიათ პატარა ქვეყნების დეზინფორმირებით განიმტკიცონ თავიანთი გავლენები და არა მხოლოდ სახელმწიფოს, ჩვენი, პოლიტიკური ჯგუფების ვალდებულებაა საზოგადოების სწორი ინფორმირება,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, დეზინფორმაცია იყო ის, რომ საქართველო არ იყო მზად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად; დეზინფორმაცია იყო ის, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს უკუსვლა და ა.შ. „ახლა რეალურია საფრთხე იმის, რომ დეზინფორმაციამ დააზიანოს შუა დერეფნის პროექტი. ჩვენი „ხალხის ძალის" მიზანია მივაწოდოთ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს წინსვლა საგარეო მიმართულებით და მას უსმენენ, მის აზრს ითვალისწინებენ ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორებიცაა აშშ და ჩინეთი, რომელიც კი არ შემოდის, უკვე შემოვიდა არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკაში, არამედ გლობალურ პოლიტიკაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საფრთხეები არ დაემუქროს შუა დერეფნის პროექტს, იმიტომ, რომ ის ქვეყნის განვითარებისა და მომავლის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.