26-01-2024
„როდესაც საზოგადოების მხრიდან იყო კითხვა, თუ როდის აპირებდა „ხალხის ძალა“ ოფიციალურად, იურიდიული სტატუსით პოლიტიკურ პროცესში ჩართვას და რა იქნებოდა საარჩევნო დაპირება, სოციალურ ქსელში დავწერე, რომ ერთ-ერთი დაპირება იყო ის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური თავალსაზრისით „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
ზურაბ ქადაგიძემ ისაუბრა მოძრაობის იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ და სამართლებრივ გასამართლებას შეეხება.
„ნაცმოძრაობის“ გასამართლებისთვის არსებობს ყველანაირი საფუძველი. მაგალითად, ევროსაბჭოს რეზოლუცია, „16-33“. რატომ დათანხმდა „ნაცმოძრაობა“ ქართველ ჯარისკაცებს დაბრალებოდათ დანაშაულები? ეს წერია იმ რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტში; ან, რატომ დათანხმდა „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველო რუსეთთან ერთად თანაბარ მდგომარეობაში დამდგარიყო საერთაშორისო დანაშაულების ჩადენაში?
ესეც იმ რეზოლუციაში წერია. და საერთოდ, რატომ დამალეს ეს რეზოლუცია? 2016 წელს გახდა მხოლოდ ცნობილი მისი არსებობის შესახებ. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ სტრასბურგსა და ჰააგაში სასამართლო დავები გვქონდა ოკუპანტ რუსეთთან, იმ დროს არ იყო მიზანშეწონილი „ნაცმოძრაობის“ გასამართლების მოთხოვნა, რადგან ისინი სათავისოდ გამოიყენებდნენ ამას.
როდესაც საქართველოს რეპუტაცია ამ ორი სასამართლოს მოგების შემდეგ საერთაშორისო თვალსაზრისით რეაბილიტირდა და რუსეთი საქართველოს მიმართ დეკლარირებულად აგრესორი და დამნაშავე გახდა, ახლა უკვე უნდა დავიწყოთ „ნაცმოძრაობის“ და მათი წარმომადგენლების სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.