29-01-2024
"ნებისმიერი გაერთიანების წევრობა მექანიზმია, ეროვნული ინტერესების გატარების გზაზე და განსაკუთრებით, ეკონომიკურ წარმატებას ამ მექანიზმის რაციონალური, გონივრული და სტრატეგიული გამოყენება მოასწავებს," - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რითაც ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა."
ქადაგიძის განცხადებით, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიური შეფასებები იმის დასტურია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს.
"ნებისმიერი გაერთიანების წევრობა მექანიზმია, ეროვნული ინტერესების გატარების გზაზე და განსაკუთრებით, ეკონომიკურ წარმატებას ამ მექანიზმის რაციონალური, გონივრული და სტრატეგიული გამოყენება მოასწავებს.
2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტი გასამმაგებულია, საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურ დინამიკაში, ხოლო ტენდენცია შეუქცევად პროცესშია.
სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიური შეფასებები იმის დასტურია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ, რაციონალურ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს.
ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თვითმიზანს დეოკუპაცია, ეროვნული თვითკმარი ეკონომიკა და სტაბილურ გარემოში, პიროვნული რეალიზება წარმოადგენს.
შესაბამისად, ყველა საერთაშორისო პლატფორმაში მონაწილეობა, გაერთიანება და სტრატეგიული პარტნიორობა უნდა მოემსახუროს ქართული საზოგადოების ინტერესებს და არა პირიქით" - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.