31-01-2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის პროექტირების კონკურსი დასრულდა. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით თსუ პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსი აშენდება, სადაც ასევე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.
კონკურსის შედეგად წარმოდგენილი 8 პროექტიდან არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად დააკმაყოფილებს ახალი კორპუსის დანიშნულებას, არ შეცვლის თსუ პირველი და მეორე კორპუსების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს. საპროექტო კონცეფციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები.
მიმდინარე წლის 30 იანვარს დასრულდა პროექტების წარმოდგენის პროცედურები. 31 იანვრიდან პროექტების გაცნობისა და შეფასებისთვის თსუ-ის პირველ კორპუსში გამოიფინა რვა არქიტექტურული კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები.