გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს

6-02-2024

აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე  წარდგენილი იყო  სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის".


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებმა მათ მიერ მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და ხელახლა ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განსახორციელებელი სამომავლო გეგმები გააცნეს დეპუტატებს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საუბარი მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებით დაიწყო. მისი თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა  რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა სწორი და გამართლებულია.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროგრამებზე, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. მისი თქმით,  2024 წელს დაგეგმილია აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმის შექმნა, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს საკუთარი  აქტივები დამატებითი სასესხო რესურსების მოსაზიდად გამოიყენონ. პარალელურად გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები - მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. 


მინისტრობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის, მეწარმეების ტრეინინგებისა და მომზადების პროგრამებზე, გამოფენებში მონაწილეობის და ახალ საექსპორტო ბაზრებზე შესვლის დაფინანსების შესაძლებლობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან საკანონმდებლო და  ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე.  ლევან დავითაშვილმა  ისაუბრა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებით  განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. როგორიცაა ავიაცია, შავი ზღვის კაბელი, ტურიზმი,  სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების ურბანული გეგმები.„ყველა ეს რეფორმა, პროექტი თუ ღონისძიება არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და  შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის. თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და  თანაბარი შესაძლებლობების შექმნის უზრუნველყოფა ჩვენი უპირველესი მიზანია. ვფიქრობ, ჩვენი სახელისუფლო გუნდისთვის ეს მიღწევადი ამოცანაა.რაც მთავარია, ჩვენი საქმიანობის მთავარი კურსი და ორიენტირი კვლავაც საქართველოს ევროკავშირთან სწრაფი და ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაცია იქნება"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა  თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა მთავრობის ხედვაზე, ქვეყნის ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის, სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის და ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნის მიმართულებით.„ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის. ამ ამოცანის შესასრულებლად მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური  პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის  სწრაფი ეკონომიკური ზრდისკენ, ევროკავშირთან ეკონომიკურ ურთიერთობების გაღრმავების,  სიღარიბის შემცირების და ქვეყნის რეგიონალურ, ლოჯისტიკურ და საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბების  მიმართულებაზე." -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


მისი თქმით, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის საქართველომ   გასულ წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სხვადასხვა მიმართულებით. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე  შემოსავლების დონე, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით 2024 წელს ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45%-მდე იქნება.მისივე განცხადებით, აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით საქართველო მთელი რიგი მიმართულებით არ ჩამოუვარდება და მოწინავე პოზიციაზე ეკონომიკურ ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი  მაჩვენებლით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის  სიმცირის და პანდემიის  შემდგომ მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების  აღდგენის სისწრაფის მიხედვით.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ გამოსვლისას  განაცხადა, რომ საქართველოსთვის, როგორც რეგიონული ჰაბისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება.მისი თქმით, ამ მიზნით გაგრძელდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, კახეთის მაგისტრალისა და სხვა მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ჯამურად, 2024 წელს განხორციელდება არანაკლებ 400 კმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, გაგრძელდება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ახალი, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა. აღნიშნული გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებს.


   „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, 2025 წლის ბოლოსთვის, მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა ქალაქი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, 2024 წელს სხვადასხვა ეტაპზე მყოფი პროექტები 20 ქალაქში განხორციელდება", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.


მისივე თქმით, 2024 წელს გაგრძელდება რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელების პროცესში ევროკავშირის კარგი პრაქტიკის გამოყენება,„მომდევნო წლების განმავლობაში ყურადღება დაეთმობა მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას. გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სახელმწიფო სერვისების განვითარება. დაგეგმილია მთაში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნა/გაუმჯობესება და მაღალმთიანი რეგიონების საჭიროებებზე მორგებული საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება"- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.


კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ოთარ შამუგიას მოუსმინეს, რომელმაც სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა, როგორც აგრარული დარგის შემდგომი განვითარების ასევე გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით. „ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება  სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვა გახლდათ და წლებია ვახორციელებთ  არაერთ პროგრამას  დარგის განვითარებისთვის, რის შედეგადაც გვაქვს ყოველწლიური სტაბილური ზრდა  როგორც აგრობიზნესის გამოშვების, ასევე  ექსპორტის მიმართულებით. წინასწარი მონაცემებით  ველოდებით, რომ 2023 წლის  აგრობიზნესის გამოშვება  დაახლოებით  16 მილიარდ ლარს  გადააჭარბებს, ხოლო რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს გვქონდა რეკორდული ექსპორტი 1 მილიარდ 440 მილიონი დოლარის ფარგლებში. რაც  15%-იანი ზრდაა 2022 წელთან შეფარებით", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


მისი თქმით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვანი მიმდინარე პროგრამა. ასევე, დაიწყება პრიორიტეტული მიმართულებების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ:  ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასევე, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა და სხვა პროგრამები.მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის სააგენტო სულ მცირე 15 პროგრამას განახორციელებს სხვადასხვა მიმართულებების მხარდასაჭერად, რაც შეეხება ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს  რეფორმებს ამ მიმართულებით.
მინისტრობის კანდიდატების გამოსვლების დასრულების შემდეგ, მათ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.


კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას, ასევე სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930