გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაკურიანი 10-11 თებერვალს სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

9-02-2024

10-11 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), ბაკურიანში გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში. საერთაშორისო  ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია,  ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60  სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს სახელით  დავით თედიაშვილი გამოვა,  საშეჯიბრო ტრასას კი  ქართველი ათლეტები - ლაშა კურტანიძე და ბექა ბერძენიშვილი გახსნიან. 


საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და  საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი კლაუს ვალდნერი  და ტექნიკური დელეგატი ანდრეას გიორლიხი.  შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს,  პირდაპირ ეთერში კი  „ევროსპორტზე" გადაიცემა. 


საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპებს მოგულსა და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში. შეჯიბრებები  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. 2024 წლის დასკვნითი  ღონისძიება ბაკურიანში, დიდველის არეალში გაიმართება. 


გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე  ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.  წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ საქართველო, კერძოდ კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა. 


ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორი კომპანიები არიან „ბორჯომი","თი ბი სი" „რედკო", და  „სილქნეტი".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930