19-02-2024
„ფინანსური კომპანია, რომელიც სეზონურად, თუ ჰოროსკოპის მიხედვით 2х2-ის პასუხად სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობს მომხმარებელს, ალბათ იმსახურებს ზუსტად იმ შეფასებას, რომელიც ხაზარაძის „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის" საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფმა“ გამოუტანა,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც ეხმიანება „ლისი ლეიქ დეველოპმენტის" ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. მისი თქმით, ხაზარაძის კომპანიას მისი აქციებისა და მისი ბონდებისთვის მინიჭებული ჰქონდა B+ რეიტინგი, ახლა ის ორი საფეხურით ჩამოალაბორანტეს და ბიზნეს-რეიტინგი შეუმცირეს.
„რამდენადაც მე მესმის ჩემთვის უცხო საგანი, პერიოდულად კომპანიებში ადგილი აქვს სხვადასხვა კორპორაციულ მოვლენებს, რომლებმაც შესაძლოა თავისი გავლენა იქონიონ აქციების ღირებულებაზე, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით. არ ვიცი, ამ მხრივ რა ვალდებულება გააჩნია ქართულ კომპანიებს. ამერიკაში მაგალითად ასეთ ანგარიშგებას აქვს ყოველკვარტალური ხასიათი.
ამ დროს საერთაშორისო აუდიტები და პოტენციური ინვესტორები აანალიზებენ კომპანიის აქტუალურ მდგომარეობას და სწორად აფასებენ ამ კომპანიასთან თავის შესაძლო ბიზნეს-პერსპექტივებს. ვერ გეტყვით, არის თუ არა საჭიროება, ხაზარაძის ბიზნეს-აქტივებმა საკუთარ თავზე ყოველკვარტალურად შეგვახსენონ, შესაძლოა მათგან ყოველწლიური თითო საოცრებაც სავსებით საკმარისი იყოს. აქ იმდენად არც ხაზარაძისთვის სასამართლოს მიერ მინიჭებული, „ხანდაზმული თაღლითის" სტატუსს ვგულისხმობ, და არც ანაკლიის პორტის წარუმატებელი მშენებლობის აფიორას, არც თუნდაც ხაზარაძის მიერ სანქტ-პეტერბურგში გაკეთებულ პირველ მილიონებს - გემოვნებაზე არ დავობენ. როგორც ჩანს, საერთაშორისო ბიზნეს აუდიტების ყურადღების მიღმა ვერ გაიპარებოდა მის მიერ პენსიის გამოთვლის უნიკალური პოლიტიკური მეთოდი და საოცარი ფინანსური ფორმულები, რომლებიც თვეში ერთხელ რედაქტირებისა და ახსნა-განმარტების რეჟიმში მიეწოდება საზოგადოებას.
ფინანსური კომპანია, რომელიც სეზონურად თუ ჰოროსკოპის მიხედვით 2х2-ის პასუხად სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობს მომხმარებელს, ალბათ იმსახურებს ზუსტად იმ შეფასებას, რომელიც ხაზარაძის „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის" საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფმა“ გამოუტანა. თუ პენსიებისა და ხელფასების გაანგარიშების ახალი ინოვაციური მეთოდების პრეზენტაციამდე, ხაზარაძის კომპანიას მისი აქციებისა და მისი ბონდებისთვის მინიჭებული ჰქონდა B+ რეიტინგი, ახლა ის ორი საფეხურით ჩამოალაბორანტეს და ბიზნეს-რეიტინგი შეუმცირეს.
თავმოყვარეობის და ღირსების მქონე სხვა ბიზნესმენს, ეს ალბათ მიაყენებდა რეპუტაციულ და ფინანსურ ზიანს - მაგრამ არა ხაზარაძეს. ხოლო პენსიებისა და ხელფასების გამოთვლაში, კალკულატორებში დაკარგულ მის ქომაგებს ვურჩევთ აზროვნების ტუმბლერი მდგომარეობა „off"-დან „on"-ში გადართონ: ლისის ტბის მენეჯმენტის მის ფსკერამდე ჩამძირავ თაღლითს ქვეყნის მართვა თუ რა „წარმატებით" შეუძლია...“ - წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.