19-02-2024
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
თსუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ხელშეწყობა პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და კარიერულ განვითარებაში.
„მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. უნივერსიტეტში ხორციელდება ამ მიმართულების არა მხოლოდ საბაკალავრო პროგრამები, არამედ პროფესიული განათლების მიმართულებითაც ვამზადებთ კადრებს. ყველა ეს პროგრამა ემსახურება სკოლამდელი აღზრდის სისტემის განვითარებას, ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებას. შესაბამისად, მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
უნივერსიტეტის განმარტებით, მემორანდუმი ითვალისწინებს თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ადრეული განათლება“ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობას სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის ერთობლივი პროექტების მომზადებაში, ასევე თანამშრომლობას პედაგოგიური და პროფესიული პრაქტიკის განხორციელებისა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული - მეთოდიკური მიმართულებით კონსულტირებასა და ტრენინგის კუთხით.
მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ.
„ეს იქნება შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის, რომ მიიღონ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. ჩვენს ბაღებში გაიარონ სტაჟირებისა და გადამზადების კურსები, ასევე შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ დასაქმდნენ ბაგა-ბაღების სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე. ჩვენი საბავშვო ბაღებისთვის კი ეს არის შესაძლებლობა, რომ როგორც სააღმზრდელო პროცესში ჩართული, ასევე, ტექნიკური მიმართულებით მომუშავე პერსონალი გადამზადდეს სხვადასხვა ტრენინგ-კურსის ფარგლებში, რომლებსაც ჩვენ ეტაპობრივად შევთავაზებთ მათ. ეს ხელს შეუწყობს სააღმზრდელო პროცესის გაუმჯობესებას “, - განაცხადა კახა აბულაძემ.
ამასთან, მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეხმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას და სააგენტოსთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნას.
ბავშვთა სკოლამდელ ასაკამდე სწორად განვითარებასა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა თსუ პროფესორმა, თამარ გაგოშიძემ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პრაქტიკის განსახორციელებელი ადგილები, ამ შემთხვევაში ბაგა-ბაღები. ვფიქრობ, ბაღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამოცდილების გამოყენება ადრეულ განათლებაში, ბავშვთა ფსიქოლოგიაში, პედაგოგების მომზადებაში, გადამზადებაში. სწორედ ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ ბავშვი მომზადებული მივიდეს სკოლაში; სკოლამდე უნდა მოხდეს მისი ემოციური რეგულაციის, ენისა და მეტყველების, ქცევის თვითმართვის და თვითრეგულაციის განვითარება, რაც სერიოზული პრობლემაა ხოლმე სკოლაში. იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობის შედეგად ბევრ კარგ სიახლეს დავნერგავთ“, - განაცხადა თამარ გაგოშიძემ.
თსუ-ის ცნობით, მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას უნივერსიტეტში, ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას, სააგენტოში არსებული ვაკანსიებისთვის კადრების შერჩევაში თანამშრომლობას სააგენტოს საკონკურსო პროცედურების შესაბამისად.
„მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, სკოლამდელი აღზრდის პროფესიული პროგრამის სტუდენტებსა და მასწავლებლებს, მოგვცემს პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერების შესაძლებლობას. რაც მთავარია, ჩვენ გვეხსნება სივრცე, რომ სააგენტოს დახმარებით სტუდენტებმა გაიარონ სასწავლო-საწარმოო პრაქტიკები, რომელიც მათი მომავალი დასაქმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან წიქარიძემ.
ინფორმაციის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მემორანდუმის ფარგლებში მნიშვნელოვან და საინტერესო ერთობლივ პროექტებს გეგმავენ.