20-02-2024
ბოლო თვეებში და განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აქტიურად ვისმენთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახეების მხრიდან ინფორმაციას, თითქოს ისინი ემიჯნებიან "ნაციონალურ მოძრაობას" და ქმნიან რაღაც ახალ, სუფთა, უმწიკვლო და ევროპულ გაერთიანებას. ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას არ დავიწყებია, თუ ვინ იყო "ნაციონალური მოძრაობის" სახე, ან ვინ აპირებს დღეს გახდეს ამ პარტიის წარმომადგენელი. ბითაძის განმარტებით, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სალომე ზურაბიშვილის როლი, რომელიც ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
"არც თუ ისე დიდი დრო გასულა, რომ დაგვვიწყებოდა, ვინ იყო "ნაციონალური მოძრაობის" სახე ან ვინ აპირებს დღეს, გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წარმომადგენელი. ამ ფორმატში, განსაკუთრებით იკვეთება სალომე ზურაბიშვილის როლი, რომელიც ერთის მხრივ, ოპოზიციას მოუწოდებს გაერთიანებისკენ, მეორე მხრივ, ცდილობს, მუდმივად დააზიანოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ის ნაბიჯი, რამაც ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მიგვიყვანა. ამასობაში, ვხედავთ ოპოზიციის რაღაც უტოპიურ გეგმებს ალტერნატიული მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც პრემიერ-მინისტრად გიორგი ვაშაძე გვევლინება და ძალიან გაგვახარა ამით. ვისმენთ სალომე ზურაბიშვილის მცდელობას, დააპროგრამოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ მან ვერ გაიგო, რომ საქართველოს მოსახლეობას თავისი მოსაზრება ძალიან მკაფიოდ აქვს გამოკვეთილი კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით. ვერანაირი სალომე ზურაბიშვილის, უცხოელი ექსპერტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდება, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ვერ ჩაანაცვლებს არჩევნებს" - განაცხადა მაია ბითაძემ.