21-02-2024
„სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროინტეგრაციის კუთხით - ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის ამოქმედება და ევროკავშირის წევრობის სტატუსის მონიჭება,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრობა ეკონომიკურ განვითარებასაც გულისხმობს და ამიტომ ქვეყანა სათანადოდ უნდა იყოს განვითარებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.
„რა ფაქტებით და არგუმენტებით ასაბუთებთ ბატონებო იმას, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი არ არის? ბატონი პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, რომელსაც დიდი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია, სწორედაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უპირველესი ამოცანაა ევროპული ინტეგრაციაა. ყოველივე ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს კიდეც და სწორედაც გაიგეს ჩვენს მიერ მიწოდებული ეს მესიჯი.
სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროინტეგრაციის კუთხით - ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის ამოქმედება და ევროკავშირის წევრობის სტატუსის მონიჭება. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ეკონომიკურ განვითარებასაც გულისხმობს. ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს ევროკავშირის პრაქტიკაში არსებული ეკონომიკური ინსტიტუციების მიღებას, შექმნას, მათ გაძლიერებასა და მათი ფუნქციონირების ეფექტურობას, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანობის, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის მაღალი დონე. ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის წევრობა კი არ მოიტანს მაღალ ეკონომიკურ კეთილდღეობას, არამედ, პირიქით - ევროკავშირში გაწევრიანების ეკონომიკური კრიტერიუმები იმიტომ არსებობს, რომ ქვეყანა სათანადოდ უნდა იყოს განვითარებული და ეკონომიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს.
ოპოზიციისგან კი ამ საკითხზე ყალბ ნარატივსა და საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებას ვისმენთ, რაც ოპოზიციისთვის მხოლოდ წამგებიანია. ეს ყველაფერი ძალიან მალე, შემოდგომაზე გამოჩნდება,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სეფაშვილმა ასევე უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს საქართველოს მიერ სანქციებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველო სანქციებისთვის თავის არიდების სქემებში არ მონაწილეობს, რასაც მოწმობს 2000-მდე ის შემთხვევა, რომელიც საბაჟო სამსახურმა აღკვეთა.
„ასევე, საქართველოს საბაჟო სამსახურის მიმართ კვლავ ყალბი დეზინფორმაცია მოვისმინეთ, ე.წ. შავი ხვრელების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თითქოს საქართველოს საბაჟო ვერ ახერხებს ამის კონტროლს. სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ სანქციების დაწესება დაიწყო, ის სანქციები, რომელსაც საქართველო მიუერთდა, პირნათლად სრულდება. ამის ფონზე კი ვიხილეთ დეზინფორმაციული შემოტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, ქართველი ხალხის წინააღმდეგ და კონკრეტულად, ჩვენს მმართველ გუნდზე.
აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რომლებსაც ეხებათ სანქციებიდან თავის არიდების მექანიზმების კონტროლი სხვადასხვა ქვეყანაში, ჩამოდიან საქართველოში და ამბობენ, რომ საქართველო არა მარტო წარმატებით უმკლავდება სანქციებიდან თავის არიდების მცდელობებს, არამედ ჩვენი გამოცდილება სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა. მიუხედავად ასეთი დადასტურებისა, კიდევ ერთხელ ვიხილეთ ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს საქართველო სანქციებს თავს არიდებს.
ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ - საქართველო სანქციებისთვის თავის არიდებაში არ მონაწილეობს. ნებისმიერი საერთაშორისო სანქცია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის დაწესებული და რომელსაც საქართველო შეუერთდა, განუხრელად სრულდება და თუ რაიმე გადახრას ადგილი აქვს, ამას საბაჟო სამსახური ებრძვის. ამას მოწმობს 2000-მდე ის შემთხვევა, რომელიც საბაჟო სამსახურმა აღკვეთა. ოპოზიციის ეს მცდელობები, ჩრდილი მიაყენონ მმართველი გუნდის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და, კონკრეტულად, ამ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს მუშაობას, რა თქმა უნდა, წარმატებული ვერ იქნება და შედეგს ვერ მოიტანს. მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, მათი მანიპულაციური დასკვნები და ყალბი პათოსით გაჯერებული მოწოდებები, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდზე მუშაობს. გრძელვადიან პერიოდში ეს მათ მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს მოუტანს. ბატონო ლაშა, მინდა თქვენ და თქვენს გუნდს მადლობა გადაგიხადოთ იმ ყველაფრისათვის, რასაც აკეთებთ. ბიუჯეტის დაგეგმვის გარდა, რა თქმა უნდა, სამინისტროს ფუნქციებში შედის უამრავი სხვა ამოცანაც, რომელსაც თავს წარმატებით ართმევთ. განსაკუთრებული ხაზგასმით მინდა აღვნიშნო საქართველოს საბაჟო სამსახურების მიერ სანქციებიდან თავის არიდების მცდელობის აღკვეთები, რომელიც მიმდინარეობს. ასევე, ბიუჯეტში სწორად დაგეგმილი და თანაბარზომიერად გადანაწილებული ის პრიორიტეტები, რომელიც ამჟამად ქვეყნის განვითარებასა და იმ კეთილდღეობის დონის მდგრად ზრდას სჭირდება, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ,“ - აღნიშნა დეპუტატმა.