25-02-2024
კარგია, რომ სათანადო ყურადღება მიექცა სახელმწიფოს მხრიდან იმ უგუნურ დამოკიდებულებას, რასაც ზოგიერთი მოქალაქე ცხოველების მიმართ იჩენს, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირებას.
მისი განცხადებით, ცხოველის ყოლის შემთხვევაში, მოქალაქემ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და კანონი საზოგადოების საერთო ჩართულობით უნდა იქნას მიღებული.
"კარგია, რომ სათანადო ყურადღება მიექცა სახელმწიფოს მხრიდან იმ უგუნურ დამოკიდებულებას, რასაც ზოგიერთი მოქალაქე ცხოველების მიმართ იჩენს. გადავსებულია ქუჩები სახლიდან გაგდებული ცხოველებით და მომრავლდა პრეცედენტები, როდესაც საშიშიც კი ხდება გადაადგილება მოქალაქეებისთვის.
აუცილებელია გამკაცრდეს მოშენება-გამრავლების საკითხი და სახელმწიფომ დაავალდებულოს მოქალაქეები, რომ ცხოველის ყოლის შემთხვევაში, მეტი პასუხისმგებლობები გამოიჩინოს. ცალკე საკითხია, ცხოველთა უფლება დამცველების აზრი, შენიშვნები და არგუმენტირებული პოზიციები, რათა საბოლოო ჯამში, კანონი მიღებულ იქნას შეჯერებისა და საზოგადოების საერთო ჩართულობით. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ამ პროცესშიც მერკანტილურ თუ პოლიტიკურ დაინტერესებას ავლენენ და უარგუმენტოდ, მსჯელობა-განხილვის გარეშე, უკვე აშავებენ კანონპროექტს. ასეთებს ხომ კოჭლი ძაღლი უფრო ადარდებთ, ვიდრე დაკბენილი ბავშვი?! რას ვიზამთ, ესეც ჩვენი ტრაგედიაა, თუმცა რაციონალურად მოაზროვნე ნაწილი უფრო მეტია და საბედნიეროდ, პროცესზე გავლენას სწორედ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ახდენს!" - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.