გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ჩვენ აშშ - სთან სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ორივე მხარეს აქვს სურვილი, ეს ურთიერთობები გააღრმავოს, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით

26-02-2024

„როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ ვისურვებდით მეტ შედეგს. ჩვენი მხრიდან ამას ძალისხმევა არ აკლდება. ჩემი მოადგილე მუდმივ რეჟიმშია პარტნიორებთან. ყოველ წელს გვაქვს  დიალოგი, რომ გადავხედოთ არსებულ სავაჭრო შეთანხმებებს და იყოს გარკვეული პროგრესი. მათ შორის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტების მიმართ იყოს უფრო ლიბერალური რეჟიმები," - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ - სთან საქართველოს ურთიერთობა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აშშ - სთან ფორმალური, პოლიტიკური ნაწილი საჭიროებს მეტ გააქტიურებას. მისი თქმით, ეს გულისხმობს პროგრესს თავისუფალ ვაჭრობაში, სავაჭრო ბარიერების მოხსნას, რომელზეც მუდმივი საუბარია ამერიკელ პარტნიორებთან. „რამდენიმე წლის წინ აშშ - ში ვიზიტისას, მქონდა შეხვედრა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან, ასევე კონგრესში, რათა კანონმდებლობის მხრიდანაც გვქონდეს მხარდაჭერილი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკითხი," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ამავე დროს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, რომლის გათვალისწინებითაც აშშ - ს უწევს გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის, სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. „ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ კონტექსტი. მსოფლიოში ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, აშშ - მ შეცვალა სავაჭრო პოლიტიკა ბევრი ქვეყნის მიმართ. ძალიან მკაფიო იყო ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, მათ შორის  სავაჭრო წარმომადგენლის პოზიცია, რომ ისინი აყალიბებენ ახლებულ მიდგომას ზოგადად სავაჭრო პოლიტიკის კუთხით. მხოლოდ საქართველოს ვერ ექნება ცალკე რეჟიმი. მათ მთლიანად უნდა ჩამოაყალიბონ ახალი პრიორიტეტები სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მოაზრებული იქნება, მაგრამ დღეს მათ სჭირდებათ უფრო ახლებური ხედვის ჩამოყალიბება სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩვენ ამას ვაფიქსირებთ ყველა ფორმატში, რომ საქართველოს ხმა ისმოდეს და საქართველოს პრიორიტეტები იყოს ახლებურ პოლიტიკაში გათვალისწინებული," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. „ჩვენ მცდელობას არ ვაკლებთ, მოვიზიდოთ მეტი ხარისხიანი ინვესტიცია ამერიკიდან. მათ შორის, ხელი შევუწყოთ პირდაპირ ფრენებს - ჩვენ მზაობას ვაფიქსირებთ, რომ ინფრასტრუქტურული ცვლილებები, რაც ჩვენს აეროპორტებშია საჭირო, განვახორციელოთ, თუმცა გვჭირდება მოხმარება, რადგან მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ არის. გვესმის, რომ საწყის ეტაპზე, კომერციულად შეიძლება ახალი პირდაპირი ფრენების დაწყება იყოს რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სავაჭრო - ეკონომიკური, ტურისტული, ხალხთა შორის ურთიერთობების წასახალისებლად. აქაც აშშ - ის ხელისუფლების მხარდაჭერა იქნებოდა მიზანშეწონილი და უპრიანი, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ორივე მხარეს აქვს სურვილი, ეს ურთიერთობები გააღრმავოს, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა აშშ - სთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითად მოიყვანა ვითარება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. მისი თქმით, საქართველოში წარმატებით საქმიანობა წამყვანი ამერიკული სტარტაპ-აქსელერატორი სილიკონის ველიდან. გარდა ამისა, ლევან დავითაშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რეგულარულად მართავენ შეხვედრებს ამერიკულ მხარესთან სხვადასხვა ფორმატსა და პლატფორმაზე, რათა დაახლოება უფრო ქმედით შედეგებში გადაიზარდოს - ერთი მხრივ, ქართულ სტარტაპებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე წვდომა, სადაც ისინი მოახდენენ საკუთარი პროექტების უკეთ რეალიზებას, მეორე მხრივ კი მოხდეს გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების საქართველოში მოზიდვა.


„ჩვენ IT - მიმართულებით გვაქვს პროგრესი. ეს არის სფერო, რომელმაც გასულ წელს ჩვენს ქვეყანას მილიარდზე მეტი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ამერიკული კომპანიების აქტიურობა აქ მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ ურთიერთობის თვისობრივად და ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლა გვინდა არა მხოლოდ ერთ სფეროში, არამედ ბევრი მიმართულებით, რადგან ვხედავთ პოტენციალს. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი მხრიდან საუბარი, რომ მზად ვართ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებსაც," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930