27-02-2024
2024 წლის 28 თებერვალი, სასტუმრო პარაგრაფი (თავისუფლების მოედანი #7, თბილისი), 14:00 – 16:30
ღონისძიება ჩატარდება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით. სიტყვით გამოვლენ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანიელჩისაქართველოში; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრები.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, რომელსაც CNFA ხუთნახევარი წლის განმავლობაში ახორციელებდა და რომლის ბიუჯეტი 26.88 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას. პროგრამამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში დასაქმებასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებში შემოსავლების ზრდაზე, ასევე, გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვაზე.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ძირითადი რესურსი და ძალისხმევა მიმართა სოფლის მეურნეობის იმ ქვედარგებზე, რომელთა განვითარება ორიენტირებულია ექსპორტის ზრდაზე და ახალი ბაზრების ათვისებაზე. ამ ქვედარგებს შორისაა კენკრის, ხილის, წვენების, თხილის, ჩაის, მწვანილისა და სუნელების, ღვინის, გადამუშავებული ხილისა და ბოსტნეულის, ჩირის წარმოება.
მსოფლიო მასშტაბით მაღალი ხარისხისა და გამორჩეული გემური თვისებების მქონე, ცოცხალ თუ გადამუშავებულ ხილ-ბოსტნეულზე, ასევე დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტების ფართო ასორტიმენტზე მზარდი მოთხოვნილების გათვალისწინებით, ქართველმა მწარმოებლებმა, პროგრამის მხრიდან თანაინვესტირების მეშვეობით, განაახლეს საწარმოები და მოახდინეს მათი მოდერნიზება, გააფართოვეს მეურნეობები და ბაღები, შემოიტანეს მსოფლიოში აპრობირებული ახალი ჯიშები, გაზარდეს გადამუშავების წარმადობა, მიმართეს რესურსი კვლევებსა და ახალი პროდუქტის დანერგვაზე. ყველა ეს ძალისხმევა განხორციელდა ხარისხის, სურსათის უვნებლობის, შეფუთვისა და მთლიანობაში წარმოების მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ფონზე ზემოთაღნიშნული სტრატეგიული ინიციატივები ქმნიან მყარ საფუძველს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარებისთვის. მიღწეული შედეგები დაეხმარება ქვეყანას გადალახოს ევროკავშირში გაწევრიანების მკაცრი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები და თანმიმდევრულად უზრუნველყოს ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებთან და კრიტერიუმებთან სრული შესაბამისობა.
გაიცა 131 გრანტი, 7.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რამაც განაპირობა 20.1 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კერძო ინვესტიციების მოზიდვა; შეიქმნა 6,160 სამუშაო ადგილი; საწარმოების გაყიდვები გაიზარდა 148 მილიონ აშშ დოლარით, მათ შორის, საექსპორტო გაყიდვებმა შეადგინა 56.5 მილიონი აშშ დოლარი; ტექნიკური დახმარება გაეწია მინიმუმ 480 ბენეფიციარს;1054 სასოფლო-სამეურნეო საწარმომ გააუმჯობესა მართვის პრაქტიკა ან ტექნოლოგიები; 71 საწარმომ დანერგა სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემები და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატები.
ღონისძიების წამყვანები იქნებიან ნანიკო ხაზარაძე და ნიკოლოზ წულუკიძე ცნობილი AgriTalk პოდკასტიდან.