2-03-2024
მესამეა დღეა ჩვენ ველოდებით ჩვენი ოპონენტების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, გვიერთდებიან თუ არა მიდგომაში, რომ ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვასთან ერთად, ამ უფლებების დაცვის ხარისხის აწევასთან ერთად, უნდა ვებრძოლოთ თუ არა ფსევდოლიბერალური ხასიათის პროპაგანდას, რასაც მაგალითად ლგბტ პროპაგანდა ჰქვია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპონენტების მხრიდან მკაფიო პასუხი დღემდე ვერ მიიღეს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების გამიჯვნა ლგბტ-პროპაგანდისგან.
„ჩვენ მკაფიო პასუხი მესამე დღეა ვერ მივიღეთ ჩვენი ოპონენტებისგან ზოგად საკითხზე, არათუ რაიმე დაწერილ ნორმაზე, რომელიც ჯერ არ არსებობს, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ შემოგვთავაზონ ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ მკაფიოდ ისე უფლებები, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანისა და ლგბტ პროპაგანდა მაგალითად და ამაზე ჩვენ კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია“- აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ლგბტ-პროპაგანდა აქტუალური თემაა და შესაბამისი კანონი გზას მოუჭრის იმ ხალხს, ვისაც ექნება იმის ცდუნება, რომ ამ პროპაგანდამ საქართველოშიც გაშალოს ფრთები, ისევე როგორც სხვა გარკვეულ ქვეყნებშია.
„ისინი ამბობენ მაგალითად იმას, რომ რა დროს ეს არის, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. რა საკითხი არ დგას დღის წესრიგში, დღეს თანამედროვე მსოფლიოში ეს საკითხები არ გეცნობათ რომ აქტუალურია? იმ საფრთხეებს რასაც ვხედავდით, მაგალითად მაშინ, როცა ჩვენ 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ქალისა და მამაკაცის კავშირი ეს არის ოჯახი, მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს საკითხი არ იყო აქტუალური. 2017 წლის შემდეგ გაიხსენეთ რამდენი ამბავი, რამდენი ე.წ. ნიუსი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ ქვეყნებში დაკანონდა, მათ შორის ჩვენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში, ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინება. ახლა როდესაც ინტერნეტი და საინფორმაციო ველი გავსებულია იმით, რომ ბავშვებს წარმატებულ მაგალითად აჩვენებენ ტრანსგენდერი როგორ გადაკეთდა, ქალი კაცად და პირიქით, შესაბამისად ამისა, დღეს თანამედროვე სამყაროში არსებობს გამოწვევა, ისევე, როგორც 2017 წელს არსებობდა ერთნაირ სქესიანთა ქორწინების გამოწვევა, ჩვენ ამოვქოლეთ ეს კარი და ჩვენ მოვიჭერით გზა, და მოვუჭერით გზა იმ ხალხს, რომ როდისმე თუ ვინმეს მოუნდება დაგვაძალოს ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, ჩვენ ვეტყვით რომ, ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს არის აკრძალული, მათ შორის ახლა ჩვენ კანონზე ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ იმიტომ, რომ თუ კი როდისმე იქნება იმისი ცდუნება, რომ ლგბტ-პროპაგანდამ საქართველოში გაშალოს ისე ფრთები, როგორც სხვა გარკვეულ ქვეყნებში, ჩვენ ეს კარიც უნდა ამოვქოლოთ და მოვჭრათ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.