2-03-2024
პრინციპში მივეჩვიეთ, რომ ხელისუფლება თავის ოპონენტებს თავსატეხს უჩენს ხოლმე, მაგრამ „ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ„ კანონის ინიციატივამ ძალიან დააბნია ისინი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „მესამე დღეა ველოდებით ჩვენი ოპონენტების პოზიციას ამასთან დაკავშირებით - გვიერთდებიან თუ არა მიდგომაში, რომ ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვასთან ერთად, ამ უფლებების დაცვის ხარისხის აწევასთან ერთად უნდა ვებრძოლოთ თუ არა ფსევდოლიბერალური ხასიათის პროპაგანდას, რასაც მაგალითად ლგბტ პროპაგანდა ჰქვია“.
ნიკოლეიშვილის თქმით, ოპოზიციას პირდაპირ ლგბტ-ს მხარდაჭერაც ეუხერხულებათ, თან თავის პატრონებისაც ეშინიათ, ამიტომ სავარაუდოდ ისევ „რუსული“ კანონის იდეას მიაწვებიან.
„პრინციპში მივეჩვიეთ, რომ ხელისუფლება თავის ოპონენტებს თავს ატეხს უჩენს ხოლმე, მაგრამ „ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ„ კანონის ინიციატივამ ძალიან დააბნია ისინი. ნახეთ რა ხდება: ხელისუფლება ამბობს, რომ ეროვნული ინტერესებიდან, ისტორიული, ტრადიციული და კულტურული თვალსაზრისიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ასეთი კანონის მიღება, რასაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა მხარს დაუჭერს, მითუმეტეს ვხედავთ, რომ ამ პროპაგანდის გაძლიერების რეალური საფრთხე არსებობს, თუ ობიექტურად შევხედავთ რა ხდება ამ მხრივ უცხოეთში.
ოპოზიცია კი ძალიან დაბნეულია დაეთანხმოს ხელისუფლებას და ერთობლივად იმუშაოს ამ საკითხზე, კი კარგია, მაგრამ რა იტყვიან მათი უცხოელი პარტნიორები? ვაი, და გრანტები და სხვა ფულადი სახსრები დაკარგონ?! არადა უცხოელებსაც ცოტა არიყოს არ სცალიათ, და არც გეგმა შეუმუშავებიათ ჯერ, თან უქმეებიც დაემთხვა...ალბათ, მაინც იტყვიან რომ ახლა ამის დრო არ არის, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია და ასე შემდეგ.
პირდაპირ ლგბტ-ს მხარდაჭერაც ეუხერხულებათ, თან თავის პატრონებისაც ეშინიათ, მოკლედ ძალიან ცუდ დღეში არიან, ამიტომ სავარაუდოდ ისევ „რუსული“ კანონის იდეას მიაწვებიან, რომელიც ასე ადვილად ნამდვილად აღარ იმუშავებს, თვითონ ოპოზიციამ და მათ წარმომადგენლებმა კი შეიძლება ძალიან საეჭვო იარლიყები მიიკრან, რაც სრულიად სამართლიანი და ლოგიკურიც იქნება“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.