გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, ტურიზმისა და ავიაციის სექტორების 2023 წლის რეკორდული მაჩვენებლები წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდება

5-03-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შედეგების შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა და მიმდინარე წლის გეგმების პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნა, მასში მონაწილეობა მიიღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის და პარლამენტის წევრებმა, საჯარო და კერძო სექტორის,  დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 


ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, გასული წელი ორივე ინდუსტრიისთვის სარეკორდო მაჩვენებლებით გამოირჩეოდა, მათ შორის, ქვეყანამ ტურიზმიდან  4.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო,  საქართველოს აეროპორტები კი  6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. 


როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა,  ეკონომიკის ზრდაში   ტურიზმისა და ავიაციის სექტორების წარმატებული საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ეს არის სახელმწიფოს გეგმაზომიერი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ის წლიდან წლამდე ახორციელებს. 
ტურიზმის ინდუსტრიისთვის 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო, მათ შორის საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების სტატისტიკით - მათმა ოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა. ამასთან, გასულ წელს საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა - 2022 წელთან შედარებით ზრდა +27.8%-ია.  2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2022 წლის მონაცემებს 17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) გადააჭარბა. ტურიზმიდან გლობალური შემოსავლების მიხედვით, აღდგენა 93%-ს შეადგენს. ასევე აღსანიშნია, რომ 2023 წელს საქართველო საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყანა იყო და ღირსეულად წარსდგა ორასი ათასამდე ვიზიტორის წინაშე მთელი მსოფლიოდან. წელს კი საქართველო  მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს, ასევე  m&I Forum-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება. 


2023 წელი ასევე წარმატებული იყო საქართველოს მთის კურორტებზე განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით - ბაკურიანში 300 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა, გუდაურში კი ინვესტიციის ოდენობამ 70 მლნ. ლარი შეადგინა.  შედეგად, გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, ქვეყანა კი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა - აქ ყოველწლიურად გაიმართება საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ღონისძიებები, მათ შორის მსოფლიო თავის ეტაპები.  


მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა გასულ წელი  ავიაციის ინდუსტრიისთვისაც, კერძოდ:  2023 წელს საქართველოს ბაზარზე 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, საჰაერო რეისებს კი 21, მათ შორის,  6 ევროპული ახალი მიმართულება დაემატა. სტრატეგიულ ახალ მიმართულებებს შორის არის ჰამბურგის, კოპენჰაგენის, მადრიდის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, პოზნანის, კიოლნისა და დელის მიმართულებები. დღეს საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებენ წამყვანი ავიაკომპანიები - Wizz Air Hungary, Turkish Airlines,  Pegasus, Georgian Airways, Azerbaijan Airlin, Fly Dubai, Air Arabia და ა.შ. 
მნიშვნელოვანია ქვეყნის შიდა ფრენების სტატისტიკაც: გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 33 187-ს შეადგენს, საიდანაც 62% საქართველოს, ხოლო 38% უცხო ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ. როგორც დღეს ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოში შიდა ფრენების ზრდის კუთხით სერიოზული სტიმული იქნება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი. ამასთან, დაგეგმილია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება.  აღსანიშნია, რომ დაწყებულია მუშაობა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე. 


ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეკონომიკის ამ ორი მნიშვნელოვანი დარგის - ტურიზმისა და ავიაციის ზრდა/განვითარება მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის ეკონომიკური სურათისთვის და რაც მთავარია, ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და მეტი კეთილდღეობა მოსახლეობისთვის. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგნოზით 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რაც ავიაციის სექტორში 6.8 მილიონიან მგზავრთნაკადსა და ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავლებში აისახება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930