6-03-2024
ლიბერთის მხარდაჭერით და განათლების კოალიციის ორგანიზებით, ბათუმში „ედკემპ საქართველო 2024" კონფერენციაზე, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა და ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის დეტალები გამოცხადდა.
კონკურსი წელს მერვედ ტარდება და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
აღნიშნულ შეხვედრაზე გაჟღედა ახალი ინიციატივა, ლიბერთის თანადგომით დაწესდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი". ლიბერთისა და განათლების კოალიციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" ექსკლუზიური მხარდამჭერი გახდა. პრემიის მიზანია ვეფხისტყაოსნის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლა-სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. კონკურსზე განაცხადების მიღება აპრილის ბოლოს დაიწყება.
„წელს, უკვე მერვედ ვიწყებთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიას და მოხარულები ვართ, რომ ეროვნულმა ჯილდომ შეძლო დაენახებინა საზოგადოებისთვის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მასწავლებელი და მისი მხარდაჭერა. ამ შვიდი წლის მანძილზე არაერთი გამორჩეული მასწავლებელი გავაცანით საზოგადოებას. აქვე გვინდა მოვუწოდოთ მთლიანად საზოგადოებას, ჩაერთონ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის საქმეში და წარადგინონ თავიანთი რჩეული მასწავლებელი, ეს თითოეულ პედაგოგს დიდ მოტივაციასა და ძალას აძლევს"- ირინა ხანთაძე, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე.
„ფონდი კვლავაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია. გვახარებს, რომ მთელი ამ წლების მანძილზე კონკურსის ფარგლებში არაერთი საინტერესო, მისაბაძი და სამაგალითო პედაგოგები აღმოვაჩინეთ, რომლებიც ცვლიან გარემოს თავის გარშემო და ბავშვების მომავალს უკეთესობისკენ, ცვლიან დამოკიდებულებას განათლებისა და მასწავლებლის მიმართ. გვჯერა, წლევანდელი კონკურსი არაერთ გამორჩეულ პედაგოგს გააცნობს საზოგადოებას. წარმატებას ვუსურვებ ორგანიზატორებს და მთელ ამ კამპანიას, რათა მასწავლებლის პროფესია მეტად დაფასებული გახდეს და ახალგაზრდებს გაუჩნდეს სურვილი მომავალი ამ პროფესიას დაუკავშირონ და რაც მთავარია ქვეყანას აღუზარდონ განათლებული, სამშობლოზე შეყვარებული და თავისუფალი მოქალაქეები." - ზურაბ კერვალიშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი.
,,ლიბერთი უკვე რვა წელია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პარტნიორია, მოხარეულები ვართ, რომ წელს ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება „ჩვენი ვეფხისტყაოსანი".ვფიქრობთ ამ მხრივ ჯილდო „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" შესანიშნავი სტიმულია ჩვენი მასწავლებლებისათვის გამოიჩინონ მეტი ინდივიდუალურობა და ინიციატივა ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესში. ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთელი რესურსი განათლებისკენ არის მიმართული ამიტომაც ამ დიდ საქმეში ჩვენ დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ვერთვებით" - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 2 მარტიდან 22 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. წელსაც, მასწავლებლების წარდგენა შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 20 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და პირველი არხი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize" ნაწილია.