გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირსა და გერმანიაში გამართული ვიზიტების გამო, რომლებშიც ქართული მართლმსაჯულების მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა, საქართველოს მთავრობა შეშფოთებას გამოხატავს

11-03-2024

საქართველოს მთავრობა გამოხატავს შეშფოთებას ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების გამო, რომლებშიც, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, ქართული მართლმსაჯულების მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირი, ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა - ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი..


„ზურაბ ადეიშვილი იყო იმ რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც წლების მანძილზე ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და სასამართლოს დამოუკიდებლობას საქართველოში. აღნიშნულმა რეჟიმმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა.


ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებულია ღვინის ქარხნის უკანონო ჩამორთმევის, ტელეკომპანია „იბერიას" ხელში ჩაგდების, კობა დავითაშვილის გატაცებისა და მასზე სასტიკი ძალადობის, პატიმრების წამების და „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეებზე, ხოლო ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის" დარბევისა და მიტაცების, 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობის და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეებზე.


ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.


შესაბამისად, აღნიშნული მოვლენა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოში ანტიევროპული განწყობის გაძლიერების პრევენციას ითვალისწინებს.


ანალოგიურად, ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვა დამნაშავეებისა და ძებნილების თავისუფალი მიმოსვლა, რომელთა ნაწილზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი დღესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართული.


საქართველო არის ერთგული პარტნიორი და აქვს მოლოდინი, რომ მომავალში ევროპული სტრუქტურები და ბიუროკრატია გამოავლენენ მეტ გულისხმიერებას და ერთგულებას იმ ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეფუძნა“ - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930