11-03-2024
უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც, გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„რამდენიმე ადამიანმა მომმართა ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხზე. იყო კონკრეტული საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ რეგიონებში, ხეობებში იჭრებოდა ტყეები. მე არ მაქვს ფაქტები და მტკიცებულებები, ვერ ვიტყვი ვერაფერს იმაზე, რამდენად არის ეს ფაქტები ნამდვილი, თუმცა ყველა შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება იმისათვის, რომ მოხდეს ასეთი შესაძლო დანაშაულის პრევენცია. ბატონი ოთარ შამუგია დღეს არ ესწრება მთავრობის სხდომას, არის შვებულებაში და მასთან გვექნება მოგვიანებით კომუნიკაცია ამ საკითხზე. მინდა, რომ სამინისტრომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს, ასევე ძალოვანმა უწყებებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ძალიან მძიმე დანაშაულია ზოგადად ხე-ტყის უკანონო ჭრა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრას. სხვა მძიმე დანაშაულებებს რომ შევადაროთ, ეს არანაკლებ მძიმე დანაშაულია, გამომდინარე იქიდან, რომ ნადგურდება სტრატეგიული რესურსი ჩვენი მომავალი თაობებისთვის და მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, აქაც გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება და მაქსიმალური სიმკაცრე, მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც, გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით და ამ კანონპროექტზე დავიწყებთ დაუყოვნებლივ მუშაობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.