19-03-2024
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აღწერს იმ შედეგებს, რომელთაც მოძრაობამ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებამდე სულ რაღაც წელიწადნახევარში მიაღწია:
„არის ასეთი გამონათქვამი - უფლის წინაშე საბოლოო შედეგებით რომ განისაზღვრებოდეს ადამიანის გადარჩენის ბედი, ვინღა გადარჩებოდა. ამიტომ, მთავარი შემფასებელი კრიტერიუმი არის - მცდელობა. მაგრამ თუკი არც გიცდია, მაშინ სადღა მიდიხარ. საზოგადოებრივი მოძრაობიდან პოლიტიკური პარტიის დაფუძნებამდე, დაარსებიდან სულ რაღაც წელიწადნახევარში „ხალხის ძალამ":
გამოაშკარავა „გლობალური ომის პარტიის" არაერთი მცდელობა, ქვეყანა შეეყვანა მისი სახელმწიფოებრიობის გამანადგურებელ ომში, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გზით;
ქვეყნის „ნაცმოძრაობის“ განშტოებები და მათი მკვებავი ენჯეო სექტორი, საერთაშორისო აგენტოკრატების კულუარული და არაფორმალური მმართველობის კომფორტული რეჟიმიდან სააშკარაოზე გამოიყვანა;
უპასუხოდ არ დატოვა ამ გამოაშკარავებით გაღიზიანებული „გლობალური ომის პარტიის" მესვეურების არცერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გამოხტომა, მათი ავტორების რანგისა თუ რეგალიების მიუხედავად;
მათ შორის, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახელისუფლებო პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით, გამოიწვია ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ლუსტრაციის ტალღა, რომელიც შენიღბული და ხელშეუხებელი იყო ათობით წლის განმავლობაში;
ხელი შეუწყო ოპოზიციის რადიკალური ფრთის დასუსტებას;
დააანონსა 2008 წლის აგვისტოს ომში „ნაცმოძრაობის“ მიმართ ე.წ. „მცირე ნიურნბერგის" მსგავსი პოლიტიკური სასამართლოს ჩატარების აუცილებლობა ახალი მოწვევის პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების გზით;
მზადყოფნა გამოთქვა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში აღნიშნული საპარლამენტო-საგამოძიებო პროცესის დაუყოვნებლივ წამოწყების თაობაზე;
ხელი შეუწყო ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, „ნაცმოძრაობის მესამე“ პრეზიდენტად ჩამოყალიბების საბოლოოდ გამოაშკარავებას;
საზოგადოებაში თანამედროვე „კუ-კლუქს-კლანისა" და ლიბერალური ფაშიზმის იდეების დანერგვასთან ბრძოლის წინა ფლანგზე იმყოფება;
ამ ეტაპის ჩათვლით, ჩაშალა „გლობალური ომის პარტიის" მიერ ქვეყანაში „მაიდანის", „ცხელი შემოდგომისა" და ახალი „რევოლუციის" მოწყობის არაერთი გეგმა;
გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით: ომით, „პრაიდის“ ჩატარებით, პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებით თუ ცალ ფეხზე ასკინკილით;
საქართველოს საგარეო ურთიერთობებში „ცალმხვრივი" მეგობრობისა და პარტნიორობის მავნე პრაქტიკის რევიზიონიზმს ჩაუყარა საფუძველი, რომლის ფარგლებში მოუწოდა აშშ-ს, გადახედოს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს;
მსოფლიოში „გენდერული" კვოტებისა და „სქესობრივი მრავალფეროვნების" თეორიების მზარდი გავრცელების ფონზე, საქართველოში ლგბტ პროპაგანდის გამომრიცხავი კანონმდებლობის შემოღების ინიციატორი გახდა;
არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ქვეყნის სსკ-ში „სახელმწიფო ღალატის" მუხლის დაბრუნებისა და მოქმედი კანონმდებლობის დეზინფორმაციასთან და ცილისწამებასთან ბრძოლის მიზნით დახვეწის თაობაზე;
მხარს უჭერს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა განიხილებოდეს მხოლოდ: ღირსეული ევროპის პირობებში - ღირსეული საქართველოს მიღების სახით“, - წერს დავით ქართველიშვილი.