გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ აგვისტოს ომის ცხელ დღეებში „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიცალა და კოდექსიდან სახელმწიფოს ღალატის მუხლი ამოიღო

19-03-2024

„ჩემი დღევანდელი გამოსვლა ერთი ციტატით მინდა დავიწყო -„განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისთვის, რომ აგვეღო, კონტროლქვეშ აგვეყვანა ცხინვალი და „სამხრეთ ოსეთის" ის ადგილები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით? მე ადრეც ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება"! - ეს სიტყვები ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილის ეკუთვნის", - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მისი თქმით, ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა არა პატიმრობის დროს, არამედ აგვისტოს ომიდან 3 თვის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თქვა.


„ანუ სააკაშვილმა ღია ტექსტით თქვა, რომ მან დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რათა კონტროლქვეშ აეყვანა ცხინვალი და „სამხრეთ ოსეთის" სხვა ადგილები. ეს რომ არ იყო შემთხვევითი წამოცდენა, ამას მოწმობს სააკაშვილის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების ანალოგიური განცხადებებიც და, რაც მთავარია, ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუცია, რომელსაც ხმა მისცეს საქართველოს პარლამენტის „ნაციონალმა" წევრებმა.


რეზოლუციის თანახმად: საქართველომ გაუფრთხილებლად დაიწყო ცხინვალის დაბომბვა, რითიც კონფლიქტი სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადაიყვანა; საქართველომ გამოიყენა მძიმე არტილერია და კასეტური ბომბები, რითაც საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას; საქართველომ დაარღვია მის მიერ აღებული ვალდებულება, რომ კონფლიქტს მშვიდობიანი გზით  მოაგვარებდა.


ყოველივე ზემოთქმულს ერთადერთი სახელი აქვს - ეს არის სამშობლოს ღალატი. და, ცხადია, არ იყო შემთხვევითი, რომ სწორედ აგვისტოს ომის ცხელ დღეებში „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიცალა და სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო სახელმწიფოს ღალატის მუხლი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე შეფასებით, თუ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნები იტყუებიან და საქართველოს აბრალებენ იმას, რაც არ მომხდარა, ამას სამშობლოს ღალატის გარდა არაფერი ჰქვია.
 
„თუ სიმართლეს ამბობენ, ესეც, ცხადია, სამშობლოს ღალატია! გამიზნული და შეგნებული ღალატი, რომლის შედეგი იმთავითვე ცხადი იყო. შედეგი კი იყო საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ასეულობით მოკლული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, 30 000-ზე მეტი დევნილი, განადგურებული ქალაქები და სოფლები, აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაბრუნებული რუსული სამხედრო ბაზები.  თუ ასეა, ძნელია, არ დავეთანხმოთ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც 2014 წელს განაცხადა, რომ სააკაშვილმა, ამ ომის დაწყებით, „გამოიწვია რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო რეაქცია, მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და ტერიტორიების "გეგმურ" დაკარგვას".


კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ყველაფერი, რაზეც ვილაპარაკე, არის უმძიმესი დანაშაული, სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ. სანამ ეს არ მოხდება, მანამ შეუძლებელია, შერიგებაზე ველაპარაკოთ აფხაზებსა და ოსებს და ძალიან ძნელია, გადავდგათ რეალური ნაბიჯები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930