19-03-2024
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ისე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად დაწყების გეგმაზომიერი პროცესი მიმდინარეობს იმისათვის, რომ პორტის პროექტი უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს. გასულ წელს ეს გეგმა ჩვენ დეტალურად გავაცანით საზოგადოებას. ასე რომ, აქ არანაირი სიურპრიზი, გაუთვალისწინებელი არაფერი მომხდარა. მივყვებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და იმ გეგმას, რომელიც დავსახეთ პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო საქმეში პარტნიორის შერჩევის პროცესი, რომელიც მალე დაიწყებს სამუშაოებს. „პარალელურად მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შესარჩევად წინადადებების დაზუსტების ეტაპი, რომელიც ფინალურ ეტაპზეა. ჩვენ ინტენსიური დიალოგი გვაქვს ორივე პრეტენდენტთან, რადგან ბევრი ტექნიკური დეტალი ზუსტდება. შერჩევის პროცესი მიდის გეგმაზომიერად," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.